საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში სწავლა 20 ივნისს დაიწყება და 30 ივნისამდე გაგრძელდება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლები უკვე რამდენიმე წელია არსებობს. სკოლაში მოსწავლეები საგანმანათლებლო ლექციებს უსმენენ, სალექციო თემის გარშემო მსჯელობენ, საგაკვეთილო პროცესის ფარგლებში იმართება ფილმების ჩვენება და სხვადასხვა მეცნიერული წარმოდგენა.
წელს საზაფხულო სკოლას 29 მოსწავლე ეყოლება. მოსწავლეებმა სკოლაში ჩასარიცხად ტესტირება უკვე გაიარეს. როგორც თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი მარინა ლომოური „ფორტუნასთან“ ამბობს, საზაფხულო სკოლაში ჩარიცხვის მსურველებმა სხვადასხვა სახის ტესტირებები ჩააბარეს.
„სკოლებთან ურთიერთობას კოორდინირებას თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტი უწევს. წელს საზაფხულო სკოლამ საქართველოს მასშტაბით მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები მიიღო. მოსწავლეებმა ტესტირება წაკითხულის გააზრებასა და ესეების კონკურსში გაიარეს. მოსწავლეები საზაფხულო სკოლაში 10 დღის განმავლობაში ისწავლიან“ – განუცხადა „ფორტუნას“ მარინა ლომოურმა.
მოსწავლეებს, რომლებმაც საზაფხულო სკოლაში ჩასარიცხი ტესტირება ვერ გაიარეს, საბავშვო უნივერსიტეტი შემოდგომაზე საშემოდგომო სკოლაში მიიღებს. საშემოდგომო სკოლა განსხვავებული ფორმატის იქნება და მოსწავლეებს ტესტირებაში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრაში დაეხმარება.
„საშემოდგომო სკოლაში წელს 50-მდე მოსწავლე გვეყოლება. საზაფხულო სკოლისგან განსხვავებით, სადაც მოსწავლეები საგანმანათლებლო ლექციებს ისმენენ, საშემოდგომო სკოლაში უფრო მეტად იმეცადინებენ და ტესტირებაში დაშვებულ შეცდომებსაც გამოასწორებენ. დაინტერესება საკმაოდ მაღალია,“ – აღნიშნავს მარინა ლომოური.
თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტი 2007 წლიდან არსებობს. საბავშვო უნივერსიტეტი საჯარო სკოლის მოსწავლეებს ზოგადი განათლების მიღებაში ეხმარება. ლექციებზე დასასწრებად ყოველწლიურად 1000-ზე მეტი მოსწავლე დადის. საბავშვო უნივერსიტეტის ლექციებზე დასწრება სრულიად უფასოა.
გვანცა ბზიავა
