LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თსუ-ში ბლუმბერგის კვლევითი ლაბორატორია გაიხსნება

208

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბლუმბერგის საერთაშორისო სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია გაიხსნება.

ეს პროგრამა უნივერსიტეტს საშუალებას მისცემს რეალურ რეჟიმში ასწავლოს სტუდენტებს საბირჟო ოპერაციების წარმოება და ხელი შეუწყოს მათ განხორციელებაში.

დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული –  Bloomberg-ის საერთაშორისო კვლევითი ლაბორატორია თსუ პროფესორ-მასწავლებლებს (ეკონომისტებს, იურისტებს, მათემატიკოსებს, ჟურნალისტებს) დაეხმარება  ჩაერთონ საერთაშორისო ბაზრის კვლევებში, საერთაშორისო ბაზრების მენეჯმენტში, გამოიკვლიონ ბაზრის თანამედროვე ტენდენციები, თავისებურებები, მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია, გაუზიარონ ის თავის კოლეგებს, მოაწყონ ამის ბაზაზე კონფერენციები, დაამუშაონ და მოიზიდონ გრანტები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ და პირდაპირი პროფილით, რეალურ უნარ-ჩვევებზე დაყრდნობით  მოამზადონ სპეციალისტები დილინგის, ინვესტირების, ბანკების, საფინანსო და სადაზღვევო კორპორაციებისათვის.

Bloomberg-ის პლატფორმის საშუალებით თსუ-ს ექნება პირდაპირი წვდომა მის ბაზაში არსებულ საერთაშორისო სავალუტო და სადილინგო ოპერაციების სრულ ციკლთან, რაც სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას მიიღონ სრულყოფილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და, ამავდროულად, შეასრულონ მსგავსი ოპერაციები რეალური დროის რეჟიმში.

თსუ-ს ცნობით, უნივერსიტეტს გააჩნია პოტენციალი საერთაშორისო ფინანსური, სავალუტო და სასაქონლო ბაზრების სწავლებისთვის ცენტრად იქცეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე სამხრეთ კავკასიაშიც. მსოფლიო საფინანსო ბაზარზე სავალუტო, საფინანსო და სასაქონლო ბირჟებზე მუშაობის ელექტრონულ პროგრამულ უზრუნველყოფას ორი კომპანია  – ბლუმბერგი (Bloomberg) და როიტერსი (Reuters) ახორციელებს. დილინგის პროდუქტის შეთავაზების ექსკლუზიური  უფლება მხოლოდ მათ გააჩნიათ და აქედან გამომდინარე, მთელი მსოფლიო  საფინანსო სამყარო საბირჟო ოპერაციებს ამ ორ კომპანიაზე დაყრდნობით ახორციელებს.

კომპანია Bloomberg-მა უმაღლესი სასწავლებლებისათვის სპეციალური დამხმარე პროგრამა  – Bloomberg Education – შექმნა, რომელიც უნივერსიტეტში, 12 ტერმინალის ბაზაზე პროფესიული „დილინგ რუმის“ შექმნას გულისხმობს.

პროგამის პრეზენტაცია დღეს 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.

 

 

პოპულარულები