LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თსუ-ში მარკეტინგსა და პიარში სტუდენტური კონკურსი გამოცხადდება

155

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონკურსი – „მისია 2018“ გამოცხადდება. წელს პროექტის პარტნიორი კომპანია „ას ჯორჯია-დირსი“ იქნება.

როგორც ”ფორტუნას” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, კონკურსი გამოცხადდება უნივერსიტეტსა და კომპანია „ას ჯორჯია-დირსის“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კომპანია „ას ჯორჯია-დირსი“ თანამშორმლობაზე თანხმდებიან, რომელიც სტუდენტური პროექტების მხარდაჭერას, ერთობლივ ღონისძიებებს, სტაჟირებასა და სხვა აქტივობებს მოიცავს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და კომპანია „ას ჯორჯია-დირსის“ დირექტორი ბესიკ ჯიქურაული მოაწერენ ხელს.

კონკურსის მიზანია, სტუდენტების ახალი იდეების განხორციელებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, კონკურსის გამარჯვებული სტუდენტების პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა და სამომავლო დასაქმების პერსპექტივის ზრდა. კონკურსანტებს საშუალება ეძლევათ, გახდნენ კომპანიის მარკეტინგისა და პიარის ვირტუალური მენეჯერები, დაგეგმონ კონკრეტული აქტივობები, გაიმარჯვონ კონკურსში, მოიპოვონ ფულადი პრემია და განახორციელონ თავიანთი იდეები.

კონკურსის საპრიზო ფონდი 5000 ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ სამეულს კომპანია „ას ჯორჯია-დირსი“ გადასცემს: პირველი ადგილის მფლობელი გუნდი 2500 ლარს, მეორე – 1500 ლარს, ხოლო მესამე საპრიზო ადგილზე გასული გუნდი 1000 ლარს მიიღებს.

კონკურსი ორ ეტაპად ხორციელდება: პირველ ტურში მონაწილეები უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებულ დავალებას ასრულებენ, ხოლო მეორე ტურში ფინალისტი გუნდები პარტნიორი კომპანიის დავალებაზე იმუშავებენ. ფინალური ნაშრომის შექმნის პროცესში კონკურსანტები მათთვის მომზადებულ სემინარებსა და კონსულტაციებს დაესწრებიან, სადაც პროექტის გამართვასა და ეფექტურად განხორციელების საშუალებებს შეისწავლიან. ფინალში გასული სტუდენტები კომპანიის სათავო ოფისსა და “დირსის” საცხოვრებელ კომპლექსსაც მოინახულებენ.

ცნობისთვის, კომპანია „ას ჯორჯიას“ საცხოვრებელი კომპლექსი „დირსი“ თბილისის ყველაზე მასშტაბური პროექტია. 200 მილიონიანი ინვესტიცია მოიცავს როგორც თავად კომპლექსს, ასევე სამშენებლო მასალების ადგილობრივ საწარმოს.

კონკურსი წელს მეექვსედ ჩატარდება. ხუთი წლის განმავლობაში სტუდენტურ კონკურსში მონაწილეობა უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის 300-მა გუნდმა მიიღო. წინა წლებში კონკურსის პარტნიორი კომპანიები იყვნენ: „IDS ბორჯომი საქართველო“, „გეოპლანტი“, „ნატახტარი“ და „სანტე“ და „თიბისი ბანკი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g