დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ პრევენციულ ზომებს, რომლებიც მნიშვნელოვანია, რათა არ მოხდეს ქვეყანაში კორონავირუსის კიდევ უფრო სწრაფად გავრცელება.
თუ covid 19-ის ანტიგენის სწრაფი ტესტის შედეგად, თქვენ აღმოჩნდით კოვიდდადებითი, გახსოვდეთ:
◾ თქვენთვის დიაგნოზის დასადგენად გამოყენებულ იქნა მაღალი სპეციფიკურობისა და მგრძნობელობის ანტიგენტესტი;
◾ დადებითი პასუხი ნიშნავს, რომ თქვენ ინფიცირებული ხართ ვირუსით, რომელიც პაციენტების 80%-ში მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს და 13 დღეში, უმთავრესად, გამოჯანმრთელებით სრულდება;
◾ დადებითი პასუხის შემთხვევაში, სასწრაფოდ იზრუნეთ იზოლაციაზე, რათა არ გახდეთ ინფექციის წყარო გარშემომყოფთათვის;
◾ სიმპტომების შეფასებისა და შესაბამისი სამედიცინო დახმარების მისაღებად დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან დარეკეთ 112-ზე;
◾ სანამ კოვიდი დაგიდასტურდებოდათ, თუ თქვენ გქონდათ გარშემომყოფებთან კომუნიკაცია პირბადის გარეშე, ერთ მეტრზე ახლო ან 15 წუთზე ხანგრძლივი კონტაქტი – დაუყოვნებლივ აცნობეთ მათ თქვენი ინფიცირების შესახებ, რათა იზრუნონ საკუთარ იზოლაციაზე.
გახსოვდეთ, გამოხატული კლინიკური სიმპტომების შემთხვევაში, ანტიგენის სწრაფი ტესტის დადებითი შედეგი გადამოწმებას არ საჭიროებს.
სხვა შემთხვევაში, ანტიგენის სწრაფი ტესტირებით მიღებული შედეგის გადამოწმება ხორციელდება ექიმის გადაწყვეტილებით პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) ან სხვა მეთოდით.