“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ თუ კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ წინადადებებში არ იქნება საუბარი რიგგარეშე არჩევნების საკითხზე, “ტექსტზე დათანხმება გაუჭირდებათ”. აღნიშნული განცხადება მან “პალიტრანიუსის” ეთერში გააკეთა.
მისივე განცხადებით, “სტრატეგია აღმაშენებლისთვის” ვადამდელი არჩევნები გამყოფი ხაზია. ის ასევე აცხადებს, რომ შარლ მიშელის მიერ გაწერილი 5 პუნქტიდან ყველა საკითხი მნიშვნელოვანია.
„ამ წუთას ჩვენ იმ პირობით ვმონაწილეობთ მოლაპარაკებების პროცესში, რომ თუ არ იქნება საუბარი რიგგარეშე არჩევნების საკითხზე, გაგვიჭირდება ტექსტზე დათანხმება. თუ საერთო ოპოზიციურ ფორმატში გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ჩენ ამ პროცესს არ გამოვაკლდებით, მაგრამ ჩვენთვის გამყოფი ხაზია ნამდვილად. მაშინ რა გამოვიდა, „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური მოტივით დაკავებული ადამიანების სახით აიყვანა მძევალი, ახლა გვიბრუნებს მას და პროცესი რჩება იქ, სადაც იყო. ეს არასწორი იქნება. არც უნდა აკადროს „ქართულმა ოცნებამ“ ერთ მილიონ ამომრჩეველს, რომელსაც წარმოადგენს ოპოზიციური პარტიები, რომ ამ ტონში და ასე ელაპარაკოს.
პრეზიდენტ მიშელის ჩარჩო-დოკუმენტში, რომელიც 5 პუნქტისგან შედგება და მეექვსე პუნქტი პარლამენტში შესვლის პროცედურულ საკითხს ეხება, ყველა საკითხი მისაღებია, დღეს თუ აღმოჩნდება, რომ აქედან რომელიმე საკითხი დაბლოკა „ქართულმა ოცნებამ“ ან რომელიმემ მხარემ, ეს „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ მიუღებელი იქნება, რადგან ჩვენთვის ყველა პუნქტი მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რამაც პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია – ვადამდელი არჩევნების საკითხი. საკითხი ადგას ასე, არა ის, რა უნდა „ქართულ ოცნებას“ ან ოპოზიციას, არამედ ის, რომ, მოდი ამ კრიზისის გადაწყვეტაში შემოვიყვანოთ ხალხი. „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზადაა განიხილოს ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზაც და ვადამდელი არჩევნების თარიღიც“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები კრისტიან დანიელსონთან ერთობლივ შეხვედრას მართავენ