LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ასე გაგრძელდა, ქვეყანა გადაიჩეხება, ამ პოლიტიკით ხელს არავინ გამოგვიწვდის, დაფიქრდით და ხვალინდელი მოსამართლეების არჩევა სასწრაფოდ გადადეთ: მამუკა ხაზარაძე

40
მამუკა-ხაზარაძე

ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრისა და პარტიის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საზოგადოების არცერთ ფენაში „ქართული ოცნებისა“ და მისი მთავრობის მიმართ ნდობა არ არსებობს და ეს ყველა სფეროს ეხება. მისი შეფასებით, თუ ასე გაგრძელდა, ეს ქვეყანა გადაიჩეხება, ხოლო, ამ პოლიტიკით ხელს არავინ გამოგვიწვდის.

„ჩვენი ქვეყანა ფულს ითხოვს აშშ-სგან და ევროკავშირისგან, აცხადებს, რომ ვართ მათი პარტნიორები, თუმცა ამავე დროს, უარს ვამბობთ ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე – მართლმსაჯულების შეცვლაზე.“ ამიტომ დაფიქრდით და სასწრაფოდ გადადეთ ხვალინდელი მოსამართლეების არჩევა,“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი შეფასებით, თქვენ „ოცნებას“ არ ენდობა ბიზნესი, არ ენდობიან ინვესტორები და ეს ციფრებშიც ჩანს. ამასთანავე, არ გენდობა ხალხი, რომლისთვისაც ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს.

„ვერანაირი კომუნიკაცია და ახსნა-განმარტება ვერ მოახერხეთ, ეს გადაწყდა კაბინეტში, რაც დღეს პროტესტს იწვევს. ვერ ახსენით რატომ ვერ აშენდა ანაკლია, უკვე ორი წელი გავიდა და იქ ყველაფერი გაჩერებულია. მთავარი საკითხი, რასაც ბოლო 6 თვე მივუძღვენით და ჩართულები იყვნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ისევ ნდობაზე აისახება. ხვალ მოსამართლეები აპირებენ ოთხი მოსამართლის არჩევას, შარლ მიშელის დოკუმენტი არის პოლიტიკური შეთანხმება, რომელმაც ჩვენი მართლმსაჯულება ახალ ლიანდაგზე უნდა დააყენოს,“ – განაცხადა „ლელოს“  ლიდერმა.

ხაზარაძემ მმართველ ძალას მიმართა და ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე გაამახვილა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრმა შეერთებული შტატებისგან  300 მილიონზე მეტ დახმარებას ხელი მოაწერა. ორი დღის წინ, შეერთებული შტატების ელჩმა მმართველ პარტიას თხოვნით მიმართა, რომ ხვალინდელი კონფერენცია იყოს გადადებული, თუმცა ბატონი სპიკერისგან იყო პასუხი, რომ მსგავსი რამ ვერ მოხდებოდა, რადგან მოსამართლეები იყვნენ ასარჩევები.

“სადაური პარტნიორობაა და წესია, როდესაც წლების განმავლობაში ხელგაწვდილი ღარიბ-გაღატაკებული ქვეყანა შეერთებული შტატებისგან, ევროკავშირისგან ფულს თხოულობს, ამბობს ვართ თქვენი პარტნიორები და ელემენტარულ რამეზე, რაც ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხს – მართლმსაჯულებას ეხება, პასუხს სცემთ, რომ ოთხი მოსამართლის არჩევას ვერ გადადებთ,” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი შეფასებით, რა სტილიც მმართველმა პარტიამ დაამკვიდრა, არც პარტნიორობაა და არც ნდობა.

“ეს ჩვენ გვჭირდება, ჩვენს პარტნიორებს დალაგებული აქვთ საქმე. ერთი ხელით 300 მილიონი გამოართვა და მეორე ხელით უთხრა – ვერ გადავდებ 26 მაისს, დასვენების დღეს, კლანის მიერ არჩეული მოსამართლეების არჩევას, აქედან ინგრევა ფუნდამენტი, იმიტომ არ შემოდის ინვესტიცია და ამ ქვეყანაში არაფერი არ ხდება. თუ ასე გაგრძელდა, ეს ქვეყანა გადაიჩეხება. ამ პოლიტიკით ჩვენ ხელს არავინ გამოგვიწვდის, ამიტომ დაფიქრდით და ხვალინდელი მოსამართლეების არჩევა სასწრაფოდ გადადეთ“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

magti 5g