პარლამენტს დღეს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი წარედგინება. უკვე გამოქვეყნდა პროექტი, რომლის მიხედვითაც, მომდევნო წელს საქართველოს მთავრობა თითქმის 16 მილიარდი ლარის გადასახადების აკრეფას გეგმავს.
ჯამურად ბიუჯეტის ხარჯები კი 21.1 მილიარდი ლარი იქნება. წლევანდელ წელთან შედარებით გადასახადების გეგმა 2.5 მილიარდი ლარით იზრდება.
რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯებს, ყველაზე მეტი თანხა – 6.8 მილიარდი ლარი კვლავ ჯანდაცვის სამინისტროს ექნება.
განათლების სამინისტრო – 2 მილიარდ ლარს, ხოლო ინფრასტრუქტურის სამინისტრო 3 მილიარდს დახარჯავს.
1.2 მილიარდია გათვალისწინებული თავდაცვის სამინისტროსთვის.
თემაზე „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად, მიხეილ კუკავა – IDFI-ის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი საუბრობს.

– მიხეილ, როგორ შეაფასებთ, მომავალი წლის ბიუჯეტს? თქვენი ორგანიზაცია აქტიურად აკვირდება ხოლმე ამ პროცესს.. რამდენად გამჭვირვალედ იხარჯება თანხა ბიუჯეტიდან? კარგია, რომ იზრდება, მაგრამ რამდენად სწორად არის განაწილებული ხარჯები?
– იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წელს მშპ-ის 80 მილიარდს პროგნოზირებენ, მთავრობის 21 მილიარდი დანახარჯი ნამდვილად არ არის საგანგაშო.
მაგრამ პრობლემაა – დანახარჯების განაწილება.
მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების განაწილება შეიძლება ითქვას, საგანგაშოა.
პენსიის ზრდის გამო იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, სწორედ ესაა საგანგაშო.
როდესაც საპენსიო რეფორმა ჩატარდა, მას შემდეგ გვაქვს ინდექსაციის წესი. ჩვენ პენსიები ჯამში დაახლოებით ნახევარი მილიარდით გაიზარდა, ფორმულის მიხედვით ინდექსაცია არ გამიკეთებია, მაგრამ სავარაუდოდ ეს ზრდა ინდექსაციას სცილდება. ანუ უფრო ნაკლებად უნდა გაზრდილიყო, ვიდრე გაიზარდა.
სწორედ ესაა საგანგაშო. (ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ რასაც ვამბობ, ეს ვარაუდია).
აშკარაა, ბიუჯეტის ხარჯების განაწილება არ დაგვეხმარება იმ გამოწვევების გამკლავებაში, რაც პანდემიამ დღის წესრიგში დაგვიყენა. გარდა ამისა რუსეთ-უკრაინის ომმა მთელი მსოფლიო ურთულესი გამოწვევის წინაშე დააყენა.
ინფლაცია, რომელმაც არ დაგვანება თავი, სწორედ ამ ომის გამოძახილია და არამხოლოდ პანდემიის.
ინფლაციის წილი ძალიან სერიოზული მდგენელია ეკონომიკური ზრდის. ამის გათვალისწინებით, 21 მილიარდიანი ბიუჯეტი არაა პრობლემა, მაგრამ პრობლემაა, რომ ჩვენ საერთოდ ვერ ვპასუხობთ იმ გამოწვევებს, რის წინაშეც დაგვაყენა ომმა.
რომ შევადაროთ პოსტპანდემიის შემდეგ რა ნაკადები დაიძრა სხვა ქვეყნებისკენ და ჩვენკენ რა დაიძრა, მივხვდებოდით პრობლემას.. ამ ყველაფერს აანალიზებენ, ამერიკაში და ბრიტანეთში და ჩვენ ამ ყველაფერს არ ვითვალისწინებთ.
არ ვაქცევთ ყურადღებას და ფაქტობრივად არავინ კითხულობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაკეთებულ ბიუჯეტის შესრულების, ან არშესრულების ანალიზს.
უმაღლესმა აუდიტორმა საქართველოში უნდა თქვას გარკვევით და უნდა უთხრას მთავრობას, რომ ჩვენ ასე წინ ვერ წავალთ.
– გამოდის, რომ ჩვენ ბიზნესიდან და მოსახლეობისგან გადასახადებს ვიღებთ და შემდეგ განაწილების სტრუქტურასთან დაკავშირებით არის პრობლემები. არ ვითარდება ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებები, იგივე ინვესტიციები.
ყველაფერს ვაბრალებთ პანდემიას და მან თითქოს ყველაფერი ჩამოწერა.
ძალიან მნიშვნელოვანია ასევე უსაფრთხოების კუთხით დანახარჯების ზრდა. გასაგებია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო დიდ სტრუქტურად იქცა. მთელი სოციალური დაცვაც აქაა თავმოყრილი, მესმის, რომ მათი ბიუჯეტი ყველაზე მაღალია, მაგრამ ომის შედეგად არსებული გამოწვევები, მათ შორის ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ნამდვილად აჩენს კითხვის ნიშნებს, რამდენად მზად ვხდებით 2023 წლის ბიუჯეტით ამ გამოწვევებს?
– თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის დაახლოებით 260 მილიონით ზრდა ნამდვილად არ იწვევს იმის განცდას, რომ გათვალისწინებულია რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად გაჩენილი გამოწვევები. მაგრამ 800 მილიონი, რითაც იზრდება სოციალური პროგრამების დაფინანსება, ნამდვილად არ ქმნის სიმშვიდის განცდას, რადგან იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული ხარჯი და ეს არაა „აწევადი ტვირთი“.
როდესაც გაქვს სერიოზული ინფრასტრუქტურული გამოწვევები, რაც ხელს გიშლის, რომ პირდაპირ მოიზიდო უცხოური ინვესტიციები, მაშინ სოციალურ გასაცემლებს ასე უხვად არ უნდა აფინანსებდე.
აშშ-მა და ბრიტანეთმა პოსტპანდემიურ პერიოდში, ჯერ კიდევ ომამდე შემოიღეს ინფრასტრუქტურის კანონი და ამ მიმართულებით მილიარდობით დოლარი დახარჯეს.
თუ ისინი ხედავენ ამ გამოწვევას, ჩვენ რატომ ვერ ვხედავთ?
ეს კითხვა მთავრობისთვისაა.
– გეთანხმებით და თან იმ ფონზე, როდესაც საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. სამწუხაროდ ყველა ექსპერტი საუბრობს, რომ ჩვენ ამ ყველაფერს მზად არ შევხვდით, არც რკინიგზით და არც ავტობანით, რომ აღარაფერი ვთქვათ პორტებზე. ანაკლიის ჩავარდნილ პროექტი შეიძლება მაგალიტად მოვიყვანოთ. ჩავარდა ასევე ენერგოჰესების პროექტი. ეს ყველაფერი ქვეყნის მიმზიდველობასაც ამცირებს.
– ანაკლიის პროექტი საუკუნის იყო, რისთვისაც ყველაფერი უნდა გაგვეღო. მომავალში ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს პროექტი არ დასამარდეს.
რომ შეხედოთ, 800 მილიონით იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ძირითადად სოციალურ პროგრამებზე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის დაფინანსება იზრდება 80 მილიონით და ეს თანხა ამ სფეროებისთვის ცალსახად ზღვაში წვეთია.
– მომავალი წლის დეფიციტზე რა პროგნოზი შეგიძლიათ, რომ გააკეთოთ? ალბათ მოგვიწევს, გარღვეული დეფიციტის დაფარვა ვალის მოზიდვით.
– რა თქმა უნდა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ვალი არაა საგანგაშო. ამ მხრივ ჩვენზე გაცილებით უარესი მდგომარეობა აქვს ბევრ ქვეყანას. (ჩვენ ვალი კანონის ფარგლებში გვაქვს).
არც დეფიციტი არაა საგანგაშო ამ გამოწვევების გათვალისწინებით.
საგანგაშოა ის, რაზე მივმართავთ ამ ხარჯებს. ჩვენ უპრეცედენტო ვალი ავიღეთ ამ პანდემიის გამო, მართალია, სხვებზე ნაკლებია, მაგრამ მაინც უპრეცედენტოა ქვეყნის ისტორიაში.
მთავარია არა ეს ფაქტი, არამედ რაზე ვხარჯავთ. ჩვენ არ უნდა დავაფინანსოთ ის, რაც შედეგს არ მოგვცემს ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით.
შედეგს, რა თქმა უნდა, ესეც მოგვცემს, სიღარიბე მცირდება და ა. შ., მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ ეს გავაკეთოთ გადასახადის გადამხდელების ფულით.