LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ბავშვი კოჭლობს, ახლავს შეშუპება, სიწითლე, ცხელება, უჩვეულო დაღლილობა, სისხლჩაქცევები ან წონის კლება, უკვე სხვა მიზეზი უნდა ვეძებოთ…“ – რას ამბობს პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი ბავშვებში „ზრდის ტკივილებზე“

148
ინგა მამუჩიშვილი

პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში 12 წლამდე ბავშვებში გავრცელებული, ეგრეთ წოდებული, „ზრდის ტკივილების“ შესახებ ინფორმაციას უზიარებს თავის გამომწერებს.

პედიატრის თქმით, ჯანმრთელ ბავშვებში ეს არის განმეორებადი, კეთილთვისებიანი ტკივილი, რომელიც დაახლოებით 3-12 წლის ასაკის ბავშვებში ვლინდება, თუმცა ექიმი მშობლებს აფრთხილებს, რომ „ყველა ფეხის ტკივილი „ზრდის ტკივილი“ არ არის:

„ზრდის ტკივილები“ ნამდვილად დამკვიდრებული კლინიკური ტერმინია, თუმცა სახელწოდება ცოტა შეცდომაში შემყვანია. თანამედროვე მონაცემებით, ტკივილი უშუალოდ ძვლის ზრდით გამოწვეული არ არის. უფრო ზუსტი სახელია ღამის იდიოპათიური კიდურების ტკივილი.
რას ვეძახით „ზრდის ტკივილს“?
ეს არის ჯანმრთელ ბავშვებში განმეორებადი, კეთილთვისებიანი ტკივილი, რომელიც ტიპურად:
✅გვხვდება დაახლოებით 3-12 წლის ასაკში;
✅ძირითადად არის ორივე ფეხში წვივებში, წვივის უკანა კუნთებში, ბარძაყებში ან მუხლების ირგვლივ;
✅უფრო კუნთოვანი და არა სახსროვანი ხასიათისაა;
✅ჩნდება საღამოს ან ღამით, ზოგჯერ ბავშვს აღვიძებს კიდეც;
✅დილით ბავშვი, როგორც წესი, სრულიად კარგადაა-დარბის, თამაშობს და არ კოჭლობს;
✅პერიოდულად ქრება და ისევ შეიძლება განმეორდეს თვეების ან წლების განმავლობაში.
რატომ სტკივათ? ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობლებს ავუხსნათ, რომ ეს არ ნიშნავს, თითქოს „ძვალი სწრაფად იზრდება და ამიტომ სტკივა“. კვლევებში უშუალო კავშირი ზრდის სიჩქარესთან დამტკიცებული არ არის. უფრო ხშირად აღწერილია ფიზიკურად აქტიურ ბავშვებში, განსაკუთრებით დატვირთული დღის შემდეგ; ასევე გარკვეული ასოციაციაა სახსრების ჰიპერმობილობასთან. სხვა ჰიპოთეზებიც არსებობს, მაგრამ მტკიცებულებები არასაკმარისია.
როგორ დავეხმაროთ? 
ხშირად საკმარისია ფეხების მსუბუქი მასაჟი, თბილი აბაზანა ან თბილი კომპრესი, დასვენება და ბავშვის დამშვიდება. თუ ტკივილი უფრო ძლიერია, ასაკისა და წონის შესაბამისი დოზით შეიძლება პარაცეტამოლი ან იბუპროფენი.
და აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი: ყველა ფეხის ტკივილი „ზრდის ტკივილი“ არ არის. თუ ტკივილი ცალმხრივია, დილითაც გრძელდება, ბავშვი კოჭლობს ან ვერ ტვირთავს ფეხს, ტკივილი კონკრეტულად სახსარშია, ან ახლავს შეშუპება, სიწითლე, ცხელება, უჩვეულო დაღლილობა, სისხლჩაქცევები, მადის დაქვეითება ან წონის კლება-უკვე სხვა მიზეზი უნდა ვეძებოთ, ამიტომ მიმართეთ თქვენს პედიატრს
„ზრდის ტკივილი“ საღამოს მოდის, ხშირად ორივე ფეხშია და დილით ქრება-ბავშვი კი ჩვეულებრივ აგრძელებს სირბილსა და თამაშს“, – წერს პედიატრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები