LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ფეხბურთელები თავდადებით ითამაშებენ, ნაკრებს შანსი ექნება

51

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს 5 სექტემბერს ჩაატარებს. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები ავსტრიას თბილისში დაუპირისპირდება.

დინამო არენაზე მატჩი 20:00 საათზე შედგება. მატჩისთვის მოსამზადებელ შეკრებას ქართველი ფეხბურთელები 29 აგვისტოს დაიწყებენ. მთავარმა მწვრთნელმა მოახლოებული მატჩისთვის გაფართოებული, 28 კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ნაკრებს, წინა შეხვედრების მსგავსად, ჯანმრთელობის პრობლემების გამო ჯაბა კანკავა ვერ დაეხმარება. ვლადიმირ ვაისმა შემადგენლობის დასახელების პარალელურად სასტუმრო „ჰუალინგში,“ მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს სპეციალურ პრესკონფერენციაზე უპასუხა.
– ბოლო ამხანაგური თამაშების შემდეგ აქტიურად ვაკვირდებოდი ჩვენს კონკურენტებს,რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში დავუპირისპირდებით. ასევე იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც საქართველოს ნაკრებში მოვიაზრებთ. დავესწარი „დინამოს“ შეხვედრებს ევროტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ავსტრიის ნაკრებთან დადებით შედეგს მივაღწიოთ.
ნაკრები ოჯახივითაა, თუ ბავშვი კარგად არ იქცევა – შენიშვნა უნდა მისცე. ესპანეთთან მატჩამდე გაკეთებულ ჩემს განცხადებას ფეხბურთელებთან დაკავშირებით სწორედ ასე ვაფასებ, ამ განცხადებას ფსიქოლოგიური გავლენა უნდა მოეხდინა, დადებითი ეფექტი უნდა ჰქონოდა და მიმაჩნია, რომ ასეც მოხდა ესპანეთთან. თუ ფეხბურთელები დისციპლინით და თავდადებით ითამაშებენ, ჩვენს ნაკრებს ექნება შანსი, კარგი ფეხბურთი აჩვენოს.
ნაკრების 11-მა ფეხბურთელმა შეიცვალა საკუთარი კლუბი და ეს დიდი ციფრია, ზოგს ტრავმა აწუხებს. მიხარია,რომ ჯანო ანანიძემ რუსეთის ჩემპიონატი წარმატებით დაიწყო, კლუბი შეიცვალა გიორგი ქვილითაიამ და მინდა მას ავსტრიაში წარმატება ვუსურვო. დაველოდებით ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობას და ვნახავ რამდენად მზად იქნებიან ისინი 5 სექტემბრის თამაშისთვის. რაც შეეხება ჯაბა კანკავას, ის ჩვენი კაპიტანია, დიდი პროფესიონალი და იმედი მაქვს ნაკრებს მალე დაუბრუნდება. ფეხბურთში არის მომენტები, როდესაც გუნდები საკუთარი ლიდერების გარეშე თამაშობენ. მომავალ მატჩში ჯაბას პოზიციაზე შეიძლება კაშია იყოს. ეს მისი პოზიცია არ არის, მაგრამ ამხანაგურ შეხვედრებში საკმაოდ კარგად ითამაშა. იგივე პოზიციაზეა მურთაზ დაუშვილი და გიორგი აბურჯანიაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g