აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, სურსათის უვნებლობის სპეციალისტები ყოველდღიურად გვიზიარებენ რეკომენდაციებს, რომლებიც ამა თუ იმ პროდუქტის შეძენის დროს უნდა გავითვალისწინოთ.
ყურადსაღებ პროდუქტებს შორის არის ხორციც, რომელიც, ისევე როგორც ყველა სხვა პროდუქტი, უსაფრთხოების ნორმებს უნდა აკმაყოფილებდეს.
სად შევიძინოთ უსაფრთხო ხორცი – რეკომენდაციებს, რომლებიც ხორცის შეძენის დროს უნდა გავითვალისწინოთ, „ფორტუნას“ მკითხველს სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული უზიარებს.
„მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელს ქვეყანაში ბევრი არალეგალური საწარმო გამოავლინეს, მათ შორის, რძის პროდუქტების და სასაკლაოების, ასეთი საწარმოების არსებობის რისკი კვლავ არსებობს. შესაბამისად, წელსაც, მთავარი რეკომენდაცია უცვლელია: მომხმარებელმა პროდუქტები უნდა შეიძინონ ორგანიზებულ სავაჭრო ადგილებში, სადაც სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება, იქნება ეს მაღაზია, სუპერმარკეტი თუ აგრარული ბაზარი.
ძალიან მცირეა რისკი, რომ კონტროლირებად სავაჭრო ადგილებში არარეგისტრირებული საწარმოებიდან მიღებული ყველი ან არალეგალურ სასაკლაოზე დაკლული ცხოველის ხორცი მოხვდეს.
სად შევიძინოთ ხორცი:
როგორც საახალწლო, ისე სააღდგომო პერიოდში, გარევაჭრობა განსაკუთრებით აქტიურდება. კუსტარულად მოწყობილ გარევაჭრობის ადგილებში სახელმწიფო კონტროლი ვერ ხორციელდება. ასეთ ადგილებში, შესაძლოა, იყიდებოდეს სასაკლაოს გვერდის ავლით დაკლული ცხოველი, რაც ძალიან დიდი რისკის მატარებელია. ცხოველი დაკვლამდე და ასევე დაკვლის შემდეგ აუცილებლად უნდა შემოწმდეს. ასე რომ, ხორცი უნდა შევიძინოთ ორგანიზებულ ადგილებში – მაღაზიაში, სუპერმარკეტში, ხორცის მაღაზიასა და აგრარულ ბაზარში. აგრარულ ბაზარში ხორცი უნდა შევიძინოთ ისეთ ადგილას, სადაც ორგანიზებული რეალიზაცია ხდება.
ყურადღება მივაქციოთ:
იყიდება თუ არა ხორცი ორგანიზებულ ადგილას;
არის თუ არა ხორცის რეალიზაციის ადგილზე დაცული ჰიგიენური ნორმები;
აქვს თუ არა ხორცს დარტყმული დამღა/ბეჭედი – დამღა დაკლულ საქონელსა და ღორს 6 ადგილას, სხვადასხვა ნაჭერზე ერტყმება, მათ შორის, ბარკლებზე, ამასთან, დამღა ღორს დარტყმული აქვს თავზეც.
საქონლის თავის რეალიზაცია აკრძალულია. თუ ძროხის თავი გაყიდვაში შეგხვდათ, ეს ნიშნავს, რომ საქონელი სასაკლაოში დაკლული არ არის, რადგან საქონლის თავი დიდი რისკის მატარებელია და ის სასაკლაოშივე ნადგურდება.
არსებობს უამრავი ზოონოზური დაავადება, რომელიც ცხოველიდან ადამიანს გადაეცემა, მაგალითად, ჯილეხი, ბრუცელოზი, რომლის არსებობის რისკიც ყოველთვის არის შეუმოწმებელ ცხოველში.
სასაკლაოში, სახელმწიფოს მიერ დანიშნული ვეტერინარის ცხოველს ყოველთვის ამოწმებს როგორც დაკვლის წინ, ისე დაკვლის შემდეგ, შესაბამისად, სასაკლაოდან სარეალიზაციოდ გატანილ ხორცში ამ დაავადებების არსებობა გამორიცხულია.
ხორცის მომზადებამდე:
ხორცის შეძენის შემდეგ, მნიშვნელოვანია, მალე დავამუშაოთ და მაცივარში მოვათავსოთ, ამისთვის გვაქვს 2 საათი. სასურველია, თუ ხორცის დამუშავების შემდეგ გამოყენებულ ზედაპირებს – დაფას, დანას, დეზინფექციას ჩავუტარებთ. ამით თავიდან ავიცილებთ ჯვარედინი დაბინძურების რისკს.
ვის მივმართოთ უსაფრთხოების ნორმების დარღვევის დროს:
თუ ორგანიზებულ ადგილას დამღის გარეშე სარეალიზაციოდ გამოტანილი ხორცი შეგხვდათ, უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე – 15 01. თუ ასეთი ხორცი არაორგანიზებულ ადგილას შეგვხვდა – იქ ვერაფერს ვიზამთ“, – აღნიშნავს „ფორტუნასთან“ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული.
