სხვადასხვა პერიოდში, ქვეყანაში კვებითი ინტოქსიკაციის შემთხვევების დაფიქსირების კვალდაკვალ, ინფექციონისტები და სურსათის უვნებლობის სპეციალისტები მოქალაქეებს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს ხშირად უზიარებენ.
ერთ-ერთი მწვავე ინფექციურ-ტოქსიკური დაავადება, რომელზეც ექსპერტები ხშირად ამახვილებენ ყურადღებას – ბოტულიზმია. ის მიიჩნევა ერთ-ერთ განსაკუთრებულად საშიშ კვებით ინტოქსიკაციად, რომელიც ხშირ შემთხვევაში ფატალურად სრულდება.
რა სიმპტომები ახასიათებს, რა არის მისი გამომწვევი წყარო და როგორ დავიცვათ თავი დაავადებისგან – „ფორტუნას“ მკითხველს რეკომენდაციებს სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული უზიარებს.
„ბოტულიზმი ძალიან საშიში კვებითი ინტოქსიკაციაა, რადგან ხშირ, მაგალითად, 10-დან 9 შემთხვევაში, ფატალურად სრულდება, განსაკუთრებით ბავშვებში, იმიტომ, რომ დაავადებას შეიძლება ზრდასრული ადამიანის ორგანიზმმა ებრძოლოს, მაგრამ ბავშვებს ამის იმუნიტეტი და უნარი არ აქვთ.
დაავადების წყარო
ბოტულიზმის გამომწვევია ბაქტერია კლოსტრიდიუმ ბოტულინუმი, რომელიც მიწაში ბინადრობს. როდესაც მოვიპოვებთ პროდუქტს, რომელიც მიწაში იზრდება, რისკია, რომ აღნიშნული ბაქტერია უკვე პროდუქტზე იყოს და დამუშავების შემდეგ, ქილაში აღმოჩნდეს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ანაერობული ბაქტერია, ანუ მას გამრავლებისთვის ჟანგბადი არ სჭირდება, დახუფულ/დაკონსერვებულ სივრცეში მოხვედრის შემდეგ, ბაქტერია ბოტულოტოქსინის გამოყოფას იწყებს. ეს ტოქსინი გამოიყოფა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პროდუქტი დახუფული/დაკონსერვებულია.
როგორ მივხვდეთ, რომ დაკონსერვებული პროდუქტი ბოტულოტოქსინს შეიცავს
შესაძლოა ქილის თავსახური იყოს ამობერილი ან ქილის გახსნის შემდეგ პროდუქტი შეიმღვრეს – ეს უკვე არის განგაშის სიგნალი, რომ პროდუქტში დაწყებულია არასასურველი პროცესები და ის, რა თქმა უნდა, არ უნდა მივირთვათ.
ბოტულიზმის პრევენცია – როგორ დავიცვათ თავი საფრთხისგან
ერთადერთი მეთოდი, რომლითაც შეიძლება რისკი შევამციროთ, არის ის, რომ მომზადების პროცესში საფუძვლიანად გარეცხოთ ის პროდუქტები და ინგრედიენტები, რომლებიც კონსერვირების დროს უნდა გამოიყენოთ – ბადრიჯანი, სტაფილო, ლობიო – პროდუქტები, რომლებსაც მიწასთან აქვს შეხება, სწორედ ასეთ პროდუქტებში არსებობს ბაქტერია, განსხვავებით, მაგალითად, პომიდვრისგან, რადგან ის მიწის ზემოთ იზრდება.
ერთ-ერთი რისკისშემცველი პროდუქტია სოკოც, რადგან ის მიწაზე იზრდება.
მაგრამ, თუ მოხდა ჯვარედინი დაბინძურება – ბაქტერია იყო ზედაპირზე და შემდეგ მასზე სხვა ინგრედიენტი მოხვდა, შესაძლებელია, ბაქტერია აღნიშნულ ინგრედიენტშიც გადავიდეს.
ასევე, თუ ქილის სახურავი არ არის ამობურცული და არც პროდუქტია შემღვრეული, ქილის გახსნის შემდეგ, პროდუქტი [თუ ამის შესაძლებლობას გვაძლევს] აუცილებლად უნდა გავაცხელოთ, რადგან გაცხელება ტოქსინების რაოდენობას ამცირებს.
იმისათვის, რომ ბაქტერია კლოსტრიდიუმ ბოტულინუმი მოკვდეს, მას სჭირდება130 გრადუს ტემპერატურამდე გაცხელება, რაც სახლის პირობებში გამორიცხულია, განსხვავებით ქარხნებისგან, სადაც სპეციალურ აპარატში – ავტოკლავში თავსდება მომზადებული კონსერვები, ადის 130 გრადუსამდე და პროდუქტი სტერილური ხდება.
მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ და არ გამოვიყენოთ სახლში დამზადებული კონსერვები. უპირატესობა ქარხნულ კონსერვებს უნდა მივანიჭოთ, რადგან მასში დაავადების რისკი არ არსებობს.
კომპოტებითა და მურაბებით დაავადების რისკი მინიმალურია, რადგან ხილი ხეზე იზრდება.
რა სიმპტომები ახასიათებს ბოტულიზმს
პირველი სიმპტომი, რომელიც ბოტულიზმს სხვა კვებითი ინტოქსიკაციებისგან გამოარჩევს, არის ქუთუთოების შეშუპება. ბოტულიზმის ბაქტერია პირველ დარტყმას ნერვულ სისტემას აყენებს.
ბოზულიზმის ბაქტერია შებოლილ ხორცპროდუქტებში
ბაქტერია კლოსტრიდიუმ ბოტულინუმი შებოლილ ხორცპროდუქტებშიც გვხვდება.
რისკისშემცველია, თუ ხორცი შებოლილია არაქარხნულ/კუსტარულ პირობებში, რადგან შებოლვის პროცესში პროდუქტი იკეთებს გარსს და თუ მანამდე პროდუქტში ბაქტერია იყო – შებოლვის შემდეგ, მას ანაერობული პირობები შეექმნება და დაიწყებს ტოქსინების გამოყოფას.
ბოტულიზმთან საბრძოლველად, ქარხნები, ხორცპროდუქტებს შებოლვის პროცესში უმატებენ დანამატს, ხოლო ვინც ხორცს კუსტარულად ამზადებს, მან არც დანამატის და არც იმის შესახებ იცის, რომ ბოტულიზმი შესაძლოა შებოლილ ხორცშიც იყოს.
შესაბამისად, გარდა იმისა, რომ კუსტარულად დამზადებული შებოლილი ხორცპროდუქტები სხვა მხრივაც რისკის მატარებელია, რისკის მატარებელია ბოტულიზმის მხრივაც“, – აღნიშნავს სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული „ფორტუნასთან“.
ასევე იხილეთ:
„ბოტულიზმის დროს საათები გადამწყვეტია“ – რა სიმპტომებით ამოვიცნოთ ბოტულიზმი ?
