LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ მაღალშემოსავლიანი საქმის დაწყება გსურთ – საქართველოში ლოკოკინების ფერმის მოწყობაში დაგეხმარებიან

786
5dd6b8b879d7570972451667

ლოკოკინების წარმოება – ახალი ხილი ქართული ბაზრისთვის… რამდენად პერსპექტიულია ეს დარგი და რა შანსები აქვს საქართველოს გლობალურ ბაზარზე – ამ საკითხებზე „ბიზნესნიუსის“ ეთერში ახალდაფუძნებული შპს „ლოკოკინების იტალიელ ფერმერთა კონფედერაცია კავკასიაში“ პრეზიდენმა გიორგი ქადაგიძემ ისაუბრა.

– რა მიზნებით დაარსდა შპს „ლოკოკინების იტალიელ ფერმერთა კონფედერაცია კავკასიაში“?

ჩვენი მიზანია, დავნერგოთ კავკასიის რეგიონში ლოკოკინების მოშენების ნაწილში, სწორი პრაქტიკა და შემდეგ მოვახდინოთ მთლიანი პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში. ჩვენი კომპანიის საქმიანობა შეიძლება დაიყოს 3 ძირითად ნაწილად: პირველი – ეს არის ჩვენი საკუთარი ფერმა, რომელიც ნოქალაქევში მდებარეობს და გაშენებულია 4 ჰექტარ მიწაზე, მეორე მიმართულება – ჩვენ ვეხმარებით ახალ ფერმერებს და დაინტერესებულ პირებს, რომ მათაც მოახდინონ მსგავს საქმიანობაში ჩართვა და გააშენონ ფერმები სწორად და ეფექტიანად, მინიმალური დანახარჯით და მესამე მიმართულება -მომავალ წელს ვგეგმავთ, ლოკოკინების ქარხნის აშენებას და შემდეგ უკვე გაყინული პროდუქციის გატანას ევროკავშირში.

-რა პოტენციალი აქვს საქართველოში ლოკოკინების წარმოებას, თუ არის ბაზარი შესწავლილი და რა მიღწევები გვაქვს უკვე ლოკოკინების წარმოებაში?

ბაზარი, ასე თუ ისე, შესწავლილია. ეს საკმაოდ ახალი ხილია ჩვენი ქვეყნისთვის, სულ 2-3 წელია, რაც ეს თემა საქართველოში ცირკულირებს. უკვე ათობით ჰექტარზეა გაშენებული საქართველოში ლოკოკინების ფერმა. მე, პირადად, მიწევს დაინტერესებულ პირებთან ყოველდღიური შეხვედრები და შემიძლია გითხრათ, რომ ინტერესი ნამდვილად გიგანტურია.

-რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ საქმიანობის წამოწყება სურთ?

მათ პირველ რიგში ვურჩევდი, არ მიენდონ ზედმეტად ოპტიმისტურ ინფორმაციას, გააკეთონ კვლევა. ჩვენ ვართ ექსკლუზიური წარმომადგენლობა საქართველოში პიროვნების, რომელმაც 45 წლის წინ პირველად დაარსა ლოკოკინების ფერმა იტალიაში. ეს პერსონა არის ჯოვანი ავანია, ჩვენ მთლიანად კავკასიაში ვართ მისი წარმომადგენლები და ვფლობთ მის გამოცდილებასა და ცოდნას. ამიტომ, დაინტერესებულ პირებს ვურჩევდი, რომ დაგვიკავშირდნენ ჩვენს ნომერზე: 574 45 55 55, ჩანიშნონ ჩვენთან შეხვედრა და ჩვენ მათ მაქსიმალურად დავაკვალიანებთ და მივცემთ საჭირო რჩევებს.

-რომელი ქვეყნები არიან მსოფლიოში ლოკოკინების გიგანტი მწარმოებლები და თუ არსებობს რესურსი რომ მათ კონკურენცია გავუწიოთ?

ამ დარგში მოწინავეები არიან: თურქეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი და კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყანა, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე დომინირებენ. დღეისათვის, მათთან შეჯიბრზე საუბარი სასაცილოც კი შეიძლება იყოს, მაგრამ ჩემი აზრით, 5-6 წლიან პერსპექტივაში, თუ ეს ინტერესი როგორიც დღეს არის, ასე გაგრძელდა, ჩვენც – კერძო სექტორმა ამას ფეხი ავუწყეთ და სახელმწიფოსგანაც იქნა მხარდაჭერა, ვფიქრობ, ნამდვილად დიდი შანსები გვაქვს გავიდეთ მსოფლიო ბაზარზე და დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი…

-რამდენად მოთხოვნადი პროდუქტია ლოკოკინები და როგორია მათი ღირებულება?

ჩვენს ქვეყანაში მოთხოვნა დაბალია, ამიტომ კონცენტრირებული ვართ ევროკავშირის ისეთ ქვეყნებზე, როგორებიც არის: საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, პოლონეთი და ა,შ. მსოფლიო ბაზრებზე მოთხოვნა ნამდვილად დიდია და რადგან ეს არის იშვიათი საკვები, ფასიც არის საკმაოდ დიდი. რაც მთავარია, ბაზარზე ამ პროდუქციის დეფიციტია, მოთხოვნა კი მასზე ბევრად მაღალი. ფასებზეც რომ ვისაუბროთ, ლოკოკინების ფერმის მოწყობა, ჩვენი მეთოდით, საშუალოდ ჯდება 30 ათასი ევრო, ჰექტარზე შეიძლება ველოდოთ 10-14 ტონა მოსავალს და წელს ჩაბარების ფასი საქართველოში, საშუალოდ, იქნებოდა 3 ევრო კილოგრამზე. ასე რომ, თუ დავუკვირდებით ციფრებს, საკმაოდ იმედისმომცემია, თუმცა, მანამდე უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენ შეგვიძლია ხარისხიანი ლოკოკინის მოყვანა, რაც არც თუ ისე მარტივია.

-შპს ლოკოკინების იტალიელ ფერმერთა კონფედერაცია კავკასიაში-ს დამფუნებლებს თუ აქვთ უკვე გაწერილი გეგმები, რომელთა განხორციელებასაც საქართველოში უახლოეს პერიოდში გეგმავენ?

როგორც უკვე გითხარით, ჩვენ უკვე გვაქვს 4 ჰექტარზე გაშენებული ფერმა სამეგრელოში. ჩვენი შემდგომი ნაბიჯი არის ის, რომ მომავალი წლისთვის ადამიანებს მოვაწყობინოთ ლოკოკინების ფერმები და ვფიქრობთ, 30-40 ჰექტარ მიწაზეც კი შეიძლება მოეწყოს ამ ტიპის ფერმები ჩვენთან თანამშრომლობით. ამ ფერმერებისგან პროდუქციას მთლიანად ჩვენ ჩავიბარებთ და უკვე ამ დროისთვის გვექნება ქარხანაც, სადაც მოხდება ამ პროდუქტის გადამუშავება და ევროკავშირის ბაზარზე გატანა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები