რუსეთ-უკრაინის თემასთან დაკავშირებით, „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, „თუ რუსეთი უკრაინაში ომს დაიწყებს, დიდი ალბათობით საქართველოშიც იგივეს გააკეთებს“. მისი განმარტებით, რუსეთის შეჩერება დასავლეთის ერთიანობას შეუძლია, რომელმაც უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები უნდა დააწესოს და საერთაშორისო იზოლაციაში მოაქციონ.
ძაბირაძის თქმით, ვითარება იმდენად რთული და მძიმეა, რომ გარკვეული მოლაპარაკებებით, შესაძლოა პუტინმა უკრაინაში შეჭრა ისედაც გადაიფიქროს, რადგან უკრაინასთან დაპირისპირება და უკრაინაში ომი დასავლეთთან ომს ნიშნავს.
„სანამ ომი არ დაწყებულა, მოლაპარაკების და შეთანხმების სივრცე ყოველთვის რჩება. დასავლეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რამენაირად შეძლონ და შეაჩერონ პუტინის გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებას აპირებს.
რამ შეიძლება გადააფიქრებინოს პუტინს ყოველივე მის მიერ განზრახულის სისრულეში მოყვანა – პირველი ეს არის დასავლეთის უპრეცედენტო ერთიანობა. მე, ასეთი ერთიანი და შეკრული განცხადებებით დასავლეთი მახსოვს მხოლოდ 80-იან წლებში, როდესაც ვარსკვლავურ ომებზე იყო საუბარი და როდესაც რეიგანის, ტეტჩერის და სხვათა ლიდერობით შეიკრა დასავლეთი და საბჭოთა კავშირი აიძულეს უკან დაეხია. ეს იყო უპრეცედენტო გადაწყვეტილება. უპირველეს ყოვლისა ეს იყო ეკონომიკური სანქციები და საერთაშორისო იზოლაციაში მოხვედრა. დღესაც ანალოგიური ვითარებაა დასავლეთის მხრიდან.
ეს ერთიანობაა ერთადერთი, რამაც შეიძლება რუსეთი შეაჩეროს. რუსეთი იმასაც ხედავს, რომ დასავლეთი პირდაპირ ამ ომში არ ჩაერევა, მაგრამ მიიღეს გადაწყვეტილება და უკრაინას ექნება, როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო დახმარება, ოღონდ შეიარაღების გზით. უკან დახევის ფორმაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. მან შეიძლება უკან დაიხიოს, მაგრამ შეეცდება საფრთხე შეინარჩუნოს. რა კომპრომისი შეიძლება მოიძებნოს – ამაზე ბევრი მსჯელობს. ერთ-ერთი ეს არის საქართველოს ვარიანტის უკრაინული განმეორება. ვგულისხმობ, რუსეთის მხრიდან აფხაზეთის და სამაჩაბლოს აღიარებას. ეს ვარიანტი შეიძლება გათამაშდეს. ვითარება იმდენად რთული და იმდენად მძიმეა, რომ გარკვეული მოლაპარაკებები შესაძლოა პუტინმა ისედაც გადაიფიქროს უკრაინაში შეჭრა. უკრაინასთან დაპირისპირება და უკრაინაში ომი ნიშნავს დასავლეთთან ომს. ფაქტობრივად ზღვარზეა ცხელი ომის მოლოდინში დასავლეთი.
გარდა იმისა, რომ რუსეთს დანაკარგები ექნება უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ეს ნიშნავს იმას, რომ დასავლეთ-რუსეთს შორის ყოველგვარი კავშირები შეიძლება ითქვას, რომ დასრულდა. იქნება ომის ზღვარზე. ეს ჩვენზეც იმოქმედებს და თუ უკრაინაში ომს დაიწყებს რუსეთი, დიდი ალბათობით საქართველოშიც იგივეს გააკეთებს“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.