ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, თუკი სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლებლობას მისცემს, ის საკუთარ სასამართლო პროცესს, რომელიც 29 ნოემბერსაა ჩანიშნული, დაესწრება.
როგორც ბასილაიამ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია. ბექა ბასილაიას თქმით, ივანიშვილისგან მართულმა სასამართლომ ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონოდა შესაძლებლობა ქართველი ხალხის წინაშე წარმდგარიყო, რადგან სასამართლოს განაჩენი ქართველი ხალხის სახელით გამოაქვს.
„საქართველოში ხელისუფლების წყარო არის ხალხი, ქართველი ხალხისთვის მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია და არა აბსურდული ბრალდებების სუბიექტი. ამ ვითარებაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობას და საერთაშორისო ზეწოლას, რომლის ფონზეც ფანჯარა გაჩნდა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში იქნეს გადმოყვანილი, რაზეც ჩვენ პირველივე დღიდან გვქონდა მოთხოვნა. იმედი გვაქვს, 29 ნოემბერს ეს შესაძლებლობა რეალიზებული იქნება.
მიხეილ სააკაშვილის დიდი სურვილია ამ პროცესებს, განხილვებს დაესწროს. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ფიზიკური შესაძლებლობა საამისოდ მას ექნება“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ბასილაიამ.