რა სახის შედეგებზე შეიძლება საუბარი დღეს იმ ომზე, რომელიც უკრაინაში 40 დღეზე მეტია მიმდინარეობს და რამდენად შეიცვალა პუტინის გეგმები ომისა და საერთაშორისო ზეწოლის ფონზე ? – ამ თემაზე პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა.
„ვერ მოხდა პუტინის გეგმების განხორციელება, რომელიც კიევის აღებას უმიზნებდა. უკრაინის მხრიდან ძლიერი წინააღმდეგობის შემდეგ მისი გეგმები შეიცვალა.
ახლა კი დავინახეთ, რომ ამ ძალების გადასროლა ხდება სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში და უფრო კონკრეტული მიზნის მისაღწევად ემზადებიან. აზოვიდან პრაქტიკულად ჩამოჭრილია უკრაინა, ცდილობენ შავი ზღვიდანაც ჩამოჭრან, საკმაოდ მძიმე სიტუაციაა.
უკრაინა მედგრად დგას, მაგრამ ჭეშმარიტება სხვაა – თუ შენ მუდმივად იცავ თავს აუცილებლად დამარცხდები. მტერს უნდა შეუტიო, მოიგერიო, რომ განდევნო შენი ტერიტორიიდან.
თუ არ მოხდება შესაბამისი სამხედრო იარაღის მიწოდება, უკრაინა ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება. სანქციები მნიშვნელოვანია, თუმცა გაცილებით ქმედითი ნაბიჯები იქნება იარაღის მიწოდება.
სამწუხაროდ, ამერიკის კონგრესმა არ მიიღო სენატის მიღებული კანონი უკრაინისთვის ლენდლიზის მისაცემად და ორკვირიან შვებულებაში გავიდა. ომია, ხალხი იხოცება და ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი რეაგირება“, – განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.
როგორც პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი აღნიშნავს, საქართველოს მთავრობის მხრიდან ვერ ვხედავ განსაკუთრებულ სურვილს, რომ უკრაინასთან ურთიერთობები გამოასწოროს.
„რუსეთი იმდენად დიდი და ძლიერია, მისგან ხანგრძლივად თავის დაცვა საქართველოს გაუჭირდება, მაგრამ ჩვენმა ქვეყანამ რამდენიმე კვირის განმავლობაში მაინც უნდა შეძლოს მტრის შეჩერება.
რაც შეეხება უკრაინასთან ურთიერთობას, სამწუხაროდ დაგვეძაბა და ეს ძალიან სამწუხარო და არასასიამოვნო. იმედია მომავალში ეს გამოსწორდება, თუმცა საქართველოს მთავრობის მხრიდან ვერ ვხედავ განსაკუთრებულ სურვილს, რომ ეს მოხდეს. უკრაინელები ხედავენ იმ დამოკიდებულებას რომელიც ხალხშია, ეს არის სრული მხარდაჭერა და გვერდით დგომა“, – განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.