ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდის განცხადებით, „ყირიმი და საქართველო ოკუპირებულია – ასე რომ, სანქციები არ უნდა მოვხსნათ“. როგორც ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში საუბრისას განმარტა, რუსეთის მისამართით დაწესებული სანქციები არ უნდა მოიხსნას, მიუხედავად იმისა, თუ როგორ წარიმართება მოლაპარაკებები.
„პირველ რიგში, პრეზიდენტ ზელენსკის გადასაწყვეტია, რა პირობებზე დათანხმდება მოლაპარაკებას. ჩვენ ვერ ვეტყვით – აი, დადგა სიტუაცია, როდესაც ბრძოლა უნდა შეწყვიტო. ან პირიქით, ვერ ვაიძულებთ ბრძოლა გააგრძელოს, თუ იტყვის, რომ მზადაა მოსალაპარაკებლად. დიახ, თუ ეს მოლაპარაკებები დამთავრდება იმით, რომ რუსეთს მეტი მიწა და მეტი გავლენა ექნება ევროპაზე, ამას პუტინი წარმატებად ჩაითვლის, ეს მას წააქეზებს. სწორედ ამიტომ, სანქციები არ უნდა მოვხსნათ, მიუხედავად იმისა, როგორ წარიმართება მოლაპარაკებები. ყირიმი ოკუპირებულია, ოკუპირებულია საქართველოც – ასე რომ, სანქციები არ უნდა მოვხსნათ. ის მაინც გავაკეთოთ, რაც ჩვენს ხელთაა – სანქციები და უკრაინისთვის იარაღის მიწოდება“, – ამბობს კალიულაიდი.
მისივე განცხადებით, „შეიძლება ითქვას, პუტინმა ეს ომი მანამდე წააგო, სანამ დაიწყებდა“. ის ასევე განმარტავს, რომ „პუტინის შეცდომა მისმა რწმენამ განაპირობა, რომ ადამიანები პასიურები არიან“.
„შეიძლება ითქვას, პუტინმა ეს ომი მანამდე წააგო, სანამ დაიწყებდა. გროზნოს დასაკავებლად 70 000 კაცი დასჭირდა და 200 000 კაცზე ნაკლებით ფიქრობდა, რომ უკრაინას გადაუვლიდა? მაგრამ მთავარი, რაც არასწორად გათვალა, სამხედრო ოპერაციებს არ უკავშირდება. მისი შეცდომა განაპირობა მისმა რწმენამ – პუტინს გულწრფელად სჯერა, ეჭვიც არ შეაქვს, რომ ადამიანები პასიურები არიან. რომ ხალხი ცხვრის ფარაა, რომ მთავარი „დამნაშავე“ დასავლეთია, რომელიც ცდილობს, საკუთარი გავლენის სფერო გააფართოოს. რომ უკრაინელი ხალხისთვის სულერთი იყო, ვინ იქნებოდა მათი პრეზიდენტი გაზაფხულზე, როდესაც კარტოფილისა და ხორბლის დათესვა მოუწევდათ. რომ ხალხის ნება, მათი არჩევანი სათვალავში ჩასაგდებად არც ღირს. მისდა გასაოცრად, აღმოჩნდა, რომ უკრაინელ ხალხს ეს ყველაფერი ადარდებს, რადგან მათ თავისუფლების ფასი იციან. სწორედ ეს იყო მისი მთავარი შეცდომა – ვერასოდეს იფიქრებდა, რომ უკრაინელები ისე იბრძოლებდნენ, როგორც იბრძვიან“, – თქვა მან.