„ახალგაზრდებო, თუ თქვენს თანამებრძოლს აქციის მსვლელობისას პანიკის შეტევა აქვს და მის გვერდით აღმოჩნდით. შეგიძლიათ მას შემდეგნაირად დაეხმაროთ“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი მაია ცირამუა წერს და რეკომენდაციებს გვიზიარებს, რომლითაც პანიკური შეტევის მქონე ადამიანის დახმარებაა შესაძლებელი.
✅ 1. საყრდენის შეგრძნებისათვის: უთხარით შეიგრძნოს ფეხის ტერფების შეხება მიწასთან. თუ წევს მოახრევინეთ ფეხები ან დაეხმარეთ დაჯდეს ისე, რომ ფეხები მყარად ეხებოდეს მიწას. უთხარით დააკვირდეს ფეხების შეხების შეგრძნებას ზედაპირთან. უთხარით აამოძრაოს ფეხის თითები ნელა. ამით ეხმარებით აწმყო მომენტში შეინარჩუნოს ყურადღება.
✅ 2. დაყრდნობა: თუ შესაძლებელია, დასვით სკამზე ან სთხოვეთ მიეყრდნოს კედელს, რომ იგრძნოს ფიზიკური მხარდაჭერა გარემოდან, შესაძლებელია შესთავაზოთ რომ დაგეყრდნოთ ან მოგეყრდნოთ თქვენ, რათა სხეულმა დაიბრუნოს სიმყარის შეგრძნება.
✅ 3. დაეხმარეთ ზედმეტი ენერგიის გამოშვებაში – უთხარით ნაზად, მსუბუქად, აამოძრაოს ხელები, ფეხები თითქოს რაღაცას იფერთხავს სხეულიდან, ეს მას გაათავისუფლებს ადრენალინისა და ზედმეტი ენერგიისგან, რომელიც პანიკურ შეტევებს ახლავს.
✅ 4. ეცადეთ გაიყვანოთ შედარებით მშვიდ ადგილას, სადაც შესაძლებელი იქნება დაეხმაროთ სუნთქვის დარეგულირებაში, უთხარით ჩაისუნთქოს ნელა და ღრმად, ხოლო ამოსუნთქვა უფრო ხანგრძლივი გახადოს, ვიდრე ჩასუნთქვა (მაგ., ჩაისუნთქეთ 4 წამში, ამოსუნთქეთ 6 წამში). ეს პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემას ააქტიურებს და პანიკის შემცირებას უწყობს ხელს.
✅ 5. დაეხმარეთ სენსორული არხების სტიმულირებაში, აიღეთ ნებისმიერი საგანი და სთხოვეთ “დაინახოს” აღიქვას ფერი, ფორმა, შეეხოს ხელით, უთხარით მოგისმინოთ ყურადღებით (სმენის არხის სტიმულირება) შეგიძლიათ ამ დროს რაიმე გამამხნევებელი ფრაზა უთხრათ. სენსორული არხების გააქტიურება ეხმარება მოწყდეს შინაგან “ქარიშხალს” და დაბრუნდეს აქ და ამჟამად. თუმცა ამ ტექნიკის გამოყენებისას მნიშვნელოვანია ადამიანი შედარებით უსაფრთხო ადგილზე იმყოფებოდეს.
✅ 6. ნერვული სისტემის ოპტიმალურ მდგომარეობაში დასაბრუნებლად კარგია თუ დაეხმარებით ვაგუსის ნერვის სტიმულაციაში შემდეგი, მარტივი ვოკალური სავარჯიშოს დახმარებით – უთხარით ყელის დაძაბვის გარეშე, ნაზად წარმოთქვას, წაიმღეროს „ვუ“ ბგერა. ვიბრაციები ასტიმულირებს ვაგუსის ნერვს, რაც ნერვულ სისტემას ამშვიდებს.
ძალიან ბევრი დავწერე, თუმცა ეს ტექნიკები საკმაოდ სწრაფად და მარტივად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი თანმიმდევრობით:
✅ საყრდენის შეგრძნების დაბრუნება – პუნქტი 1. 2.
✅ ჭარბი ადრენალინისაგან გათავისუფლება – პუნქტი 3
✅ სუნთქვის დარეგულირება – პუნქტი 4
✅ ცნობიერების სიცხადის აღდგენა – პუნქტი 5
✅ ნერვული სისტემის ოპტიმალურ მდგომარეობაში დაბრუნება – პუნქტი 6
ცხადია არსებობს სხვა ტექნიკებიც, თუმცა ამ შემთხვევაში შევეცადე მომერგო აქციის გარემოზე.
ამას გარდა, კომენტარებში დავდებ ჩემი კოლეგის Tina Kareli რეკომენდაციებს იმ შემთხვევისათვის, როდესაც აქციაზე გიჩნდებათ დერეალიზაციის შეგრძნება“, – წერს მაია ცირამუა.