ქალები ხშირად იმყოფებიან ტოქსიკურ ურთიერთობაში. ასეთი ურთიერთობა უკარგავს ადამიანს სილაღის შეგრძნებასა და ბედნიერების განცდას, ქალი მუდმივად მეორე ადგილზე გრძნობს თავს და მისი ინტერესები, სურვილები უგულებელყოფილია. როგორ უნდა გამოხვიდეთ ასეთი ურთიერთობიდან და როგორი კაცებისთვის არის დამახასიათებელი ტოქსიკური ურთიერთობა – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა მაგდა ფერაძემ ისაუბრა.
რას ნიშნავს ტოქსიკური ურთიერთობა?
ფროიდი ამბობდა, რომ ჩვენ ერთმანეთს შემთხვევით არ ვირჩევთ… ჩვენ მხოლოდ მათ ვხვდებით, ვინც უკვე არსებობს ჩვენს ქვეცნობიერში. გენიოსი იყო ფროიდი. შემთხვევით და ჩვენგან დამოუკიდებლად არაფერი ხდება. სწორედ ჩვენი პასუხისმგებლობაა ნებისმიერი არჩევანი ჩვენს ცხოვრებაში.
როდესაც წყვილი ტოქსიკურ ურთიერთობაში იმყოფება, ეს შემთხვევითობა არ არის. ურთიერთობის დასაწყისში რაღაც ნიშნით მოხდა პარტნიორის არჩევა. შესაბამისად მამაკაცი, უკვე არსებობდა ქალის ქვეცნობიერში. ისევ ფროიდისეულად თუ მივუდგებით ინცესტუალურად, ქალის ეძებს მამის ხატს, რადგან მამა უსაფრთხოების გარანტია, ძლიერია.
ქალის ქვეცნობიერი ძლიერი კაცის ხატს ეძებს. ეს ბუნებრივია. ხშირად, ეს წარმოდგენები იმსხვრევა, როცა მამაკაცთან ურთიერთობაში ხდება იმედგაცრუება. ამ შემთხვევაში ქალს უწევს ილუზიაში ცხოვრება. დროთა განმავლობაში ის იწამლება ტოქსინებით.
ხშირად ქალი ხვდება, რომ ურთიერთობაში დაკარგა საკუთარი თავი, სურვილები, ოცნებები. მისი პარტნიორი (შეყვარებული, ქმარი) ეგოისტურად ცდილობს მხოლოდ საკუთარი ინტერესები გაატაროს, დაუქვეითოს თვითშეფასება ან დაამციროს სხვების თანდასწრებით. ეს იმ კომპლექსების ბრალია, რაც რეალურად ასეთ კაცებს აწუხებთ. სწორედ ეს არის ტოქსიკური ურთიერთობა.
ტოქსიკური ურთიერთობიდან გამოსვლა საკმაოდ რთულია. ხშირად ქალებს საკუთარ თავთან უჭირთ აღიარება, რომ ყველაფერი დიდი ხნის წინ დასრულდა, რადგან თავის დროზე სიყვარულის სახელი დაარქვეს.
როგორ აისახება ქალის განწყობაზე დაძაბული ურთიერთობა?
დაძაბული და დაუსრულებელი ურთიერთობა ამყოფებს ადამიანს ნევროტულ მდგომარეობაში, შესაძლებელია ადამიანი ონკოლოგიამდეც მიიყვანოს. დაუსრულებელი ურთიერთობა ის ტოქსინია, რომელიც კლავს სილაღის განცდას.
ფსიქიკური და ფიზიკური სიმპტომატიკის ფონზე, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ურთიერთობა ტოქსიკურია. როდესაც ქალი პროტესტს გამოთქვამს ან ურთიერთობის დასრულებაზე იწყებს საუბარს, ამ დროს პარტნიორი მიმართავს მანიპულაციას, სიყვარულზე საუბრობს ან პირიქით აგრესიულია, ყვირის.
როგორ ამოვიცნოთ, რომ ურთიერთობა ტოქსიკურში გადადის?
ტოქსიკური ურთიებებისთვის დამახასიათებელია:
როცა თქვენი პარტნიორი ფიქრობს, რომ ის მუდამ მართალია. არ გესაუბრებათ პრობლემაზე. ან თუ საუბრობთ, თქვენ მისთვის ყოველთვის „მტყუანი“ ხართ.
როცა პარტნიორი მუდმივად ცდილობს თვითშეფასება დაგიქვეითოთ, შეურაცხყოფას გაყენებთ ან სხვების დასანახად ცინიკურად გესაუბრებათ. პატივს არ სცემს თქვენს სურვილებს. გახსოვდეთ, თქვენი ადამიანი არასდროს დაგამცირებთ, პირიქით, ის ყოველთვის შეეცდება სხვების თანდასწრებით მხოლოდ თქვენ დადებითზე გაამახვილოს ყურადღება. ყოველთვის მოგცემთ სტიმულს და მხარდაჭერას.
ტოქსიკური ადამიანები არაპროგნოზირებადები არიან. ერთ წამს შეიძლება უყვარდეთ სიგიჟემდე, ხოლო მეორე წამს არაადექვატურად მოგექცეთ. ფაქტობრივად ფსიქოპატების ფსიქოლოგია აქვთ. ასევე, ასეთი ადამიანები არ აღიქმებიან ზრდასრულ ადამიანებად, ახასიათებთ პუბერტატის ( გარდატეხის ასაკი) ასაკისთვის დამახასიათებელი ქცევები. როგორც წესი, ასეთი ადამიანები საკუთარ თავში დაურწმუნებლები არიან, აქვთ ბავშვობის დროინდელი ტრავმები და კომპლექსები. ამ კომპლექსებს კი სწორედ პარტნიორთან ურთიერთობაში ავლენენ.
პირველ რიგში ქალმა უნდა გააცნობიეროს და აღიაროს, რომ ის ტოქსიკურ ურთიერთობაში იმყოფება. ამ ყველაფერს კი კონკრეტული ქმედებები მოყვება, რაც დაეხმარება მას ამ ურთიერთობის დასრულებაში. შესაძლოა დამოუკიდებლად შეძლოს ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა, რაც არც თუ ისე იოლია, ან ახლობელი ადამიანების მხარდაჭერით. საუკეთესო ვარიანტი კი ფსიქოთერაპევტის ჩართულობაა.
რჩევები მაგდა ფერაძისგან:
1. პირველ რიგში დააკვირდით თქვენს თავს და თქვენს სომატურ შეგრძნებებს.
2. თუ პარტნიორთან მუდმივად გაღიზიანებული ხართ, უარყოფითად მოქმედებს თქვენს განწყობაზე, არ ზრუნავს, რომ მასთან თავი იგრძნოთ კარგად, ირონიულად გესაუბრებათ, შეურაცხყოფას გაყენებთ, ე.ი. ურთიერთობა ტოქსიკურია.
3. აღიარეთ საკუთარ თავთან, რაც არ უნდა მტკივნეულად მოგეჩვენოთ.
4. გააცნობიერეთ რას გაძლევთ ეს ურთიერთობა, რას აკეთებენ თქვენთვის.
5. იმისათვის, რომ დაასრულოთ ურთიერთობა, არ უნდა გეშინოდეთ ახალი პასუხისმგებლობების, ვალდებულებების, მარტობიის. დაიმახსოვრეთ თქვენ ისედაც მარტო ხართ ასეთ ურთიერთობაში.
6. ყოველთვის გჯეროდეთ საკუთარი თავის.