“მანდატს სჭირდება ათვისება და არა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან შეთავაზება – რომ ეს საკითხი გაითვალისწინეთ. ეს ვერ გახდება ვაჭრობის საგანი.” – იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი “გირჩის” სტრატეგიის 7 პუნქტს აფასებს და ამბობს, რომ მისი აზრით ეს “უკუღმა და არასწორი შემოთავაზებაა”.
როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, თუ ვინმეს სურს, რომ “ქართულ ოცნებას” დაუყენოს ულტიმატუმი და საკითხს ამ კუთხით სვამენ, ეს მიუღებელია:
“არ შეიძლება საკითხი ჯერ გადაწყვიტო და შემდეგ თქვა, რომ მერე ვიმსჯელებო. ამიტომ მგონია, რომ ეს არის უკუღმა და არასწორი შემოთავაზება.
თუ ვინმეს სურს, რომ “ქართულ ოცნებას” დაუყენოს ულტიმატუმი – რომ ეს არის საკითხები და მათ თუ გაიზიარებთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში შემოვალთ – ეს არის მიუღებელი. თუ საკითხს სვამენ, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის ეს არის პრიორიტეტული საკითხები, რა თქმა უნდა, საკანონმდებლო ორგანო იმისთვის არსებობს, რომ ვიმსჯელოთ. ოღონდ ისე კი არა, რომ რაღაცას დავეთანხმოთ, მერე შემოვიდეთ და ისე ვიმსჯელოთ, არა, ჯერ ხდება განხილვა, საზოგადოებისთვის აზრის მიწოდება და ამ აზრის გაცვლა-გამოცვლის შემდეგ ყალიბდება კონკრეტული გადაწყვეტილება.
მანდატს სჭირდება ათვისება და არა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან შეთავაზება, რომ ეს საკითხი გაითვალისწინეთ. ეს ვერ გახდება ვაჭრობის საგანი. კიდევ ერთხელ, მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის ყველა იმ პარტიასთან, რომელიც არის დემოკრატიულ საწყისებზე და პატივს სცემს დემოკრატიულ პრინციპებს, რომელიც ქვეყანაშია. თუ მათ სურთ ამ საკითხების გააქტიურება, მათ ექნებათ სრული ბერკეტი – ვიმსჯელოთ და ამ მსჯელობის შედეგად მივიდეთ გადაწყვეტილებამდე.” – თქვა ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, პარტია “გირჩმა” წარადგინა ჩამონათვალი, რომელიც 7 პუნქტისგან შედგება. როგორც პარტიაში ამბობენ, “გირჩი” ბოიკოტის რეჟიმს შეწყვეტს და საქართველოს პარლამენტში შევა, თუ “ქართული ოცნება” აღნიშნული შვიდი საკითხიდან ერთ-ერთი საკითხის სრულყოფილად გადაწყვეტას და მოწესრიგებას დათანხმდება.