26 მარტს რადიო “ფორტუნას” და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას “პულსი” ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ქალბატონი ნანა ქირია სტუმრობდა, რომელმაც ტუბერკულოზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სწორედ დაავადებებსა და მისი მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა.
– ქალბატონო ნანა, 24 მარტს მსოფლიომ ტუბერკულოზის საერთაშორისო დღე აღნიშნა. ზოგადად, რა დაავადებაა ტუბერკულოზი?
– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ მართლაც მნიშვნელოვანი თარიღია ტუბერკულოზის საერთაშორისო დღე, რომელიც კოლეგებთან, პაციენტებთან და საზოგადოებასთან ერთად ჩვენც ავღნიშნეთ. ამ დღის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად ერთ-ერთი თავშესაფრის ბენეფიციართა სკრინინგი შეიძლება ჩაითვალოს. ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ტუბერკულოზის მიკობაქტერია იწვევს. აღსანიშნავია, რომ მიკობაქტერია ჯერ კიდევ 1882 წელს აღმოჩინა ცნობილმა გერმანელმა მიკრობიოლოგმა რობერტ კოხმა, თუმცა მისის კვლევა დღემდე გრძელდება. სამწუხაროდ, დაავადება 21-ე საუკუნეშიც სერიოზულ გამოწვევად რჩება მსოფლიო საზოგადოებისთვის.
– რას გულისხმობს რეზისტენტული ტუბერკულოზი და რა მთავარ პრობლემას ქმნის 21-ე საუკუნეში?
– რეზისტენტული ტუბერკულოზი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა დაავადების მართვისას. მე-20 საუკუნის ბოლო და 21-ს დასაწყისი ზოგადად რეზისტენტობის პერიოდია, რადგან სხდასხვა ტიპის ბაქტერიებმა ერთგვარი იმუნიტეტი გამოიმუშავეს მედიკამენტების მიმართ. გამონაკლისი არც რეზისტენტული ტუბერკულოზია, რომლის მკურნალობა ძალიან რთული, ხანგრძლივი და მრავალკომპონენტიანია, შედეგი კი, ნაკლებად დამაკმაყოფილებელი, ვიდრე მედიკამენტების მიმართ მგრძნობიარე ტუბერკულოზისა. თუმცა, ბოლო პერიოდში ბევრი ახალი მედიკამენტი გაჩნდა, რომლებიც ბევრად ეფექტურია რეზისტენტული ტუბკულოზის მკურნალობისას. ამასთანავე, ახალი მედიკამენტები ნაკლებად ხასიათდებიან გვერდითი მოვლენებით, შემცირდა მკურნალობის ხანგრძლივობაც, რაც პაციენტებისთვისაც ბევრად მისაღებია.
– სავარაუდოდ, ახალი მედიკამენტების წყალობით პაციენტების მკურნალობაზე დათანხმებაც უფრო მარტივი გახდა?
– აბსოლუტურად გეთანხმებით. ადრე ძალიან გვიჭირდა პაციენტების დაყოლიება, რადგან მედიკამენტური მკურნალობა უამრავი არასასიამოვნო გვერდითი მოვლენით ხასიათდებოდა, ამიტომ ხშირი იყო დროზე ადრე შეწყვეტილი მკურნალობის ფაქტები. დღეს პაციენტების მართვა დისტანციურადაც შეიძლება, გარკვეული პერიოდის წამლების გაცემით, მერე კი, ვიდეომონიტორინგით, რაც მათზე მუდმივად დაკვირვების საშუალებას გვაძლევს.
– საინტერესოა ტუბერკულოზის კოვიდის ფონზე განხილვა, მით უფრო, რომ თქვენი ცენტრი ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა პანდემიასთან ბრძოლაში. რამდენად რთულია ორ ვერაგ დაავადებასთან ერთდროულად ბრძოლა?
– მართალია ძალიან მძიმე ბრძოლა გადავიტანეთ, მაგრამ გახარების მიზეზიც ბევრჯერ გვქონდა. კოვიდის შესახებ პირველივე ინფორმაციის გაჟღერებისთანავე ვივარაუდეთ, რომ დაავადება არც ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს მისცემდა მშვიდად ცხოვრების საშუალებას. ძალიან საინტერესო ლექცია გვქონდა ბატონ თენგიზ ცერჩვაძესთან, რომელმაც მწირი ინფორმაციის მიუხედავად დეტალურად აგვიხსნა დაავადების არსი და საფრთხეები. სწორედ მაშინ შევქმენით ტუბერკულოზისა და კოვიდის თანაინფიცირების შემთხვევაში მართვის პროტოკოლი, გავანთავისუფლეთ ჩვენს ცენტრის ყველაზე ახალი და კომფორტული ნაწილი, სადაც საკარანტინო ზონა და ცხელების ცენტრი მოვაწყვეთ. აქვე იყო კოვიდის მართვის ცენტრიც. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ჩვენთან იყო გამოყოფილი რვა საწოლი ტუბერკულოზითა და კოვიდით თანაინფიცირებული პაციენტებისთვის. მართალია, დღეს კოვიდ-ცენტრი აღარ ფუნქციონირებს, მაგრამ ერთი ბლოკი მაინც გვაქვს მსგავსი პაციენტებისთვის. ალბათ იცით, რომ ტუბერკულოზით დაავადებულთა შორის ან მათ ვინც უკვე გადაიტანა დაავადება, საკმაოდ მაღალია ფილტვის დაზიანების რისკი. ძალიან ვღელავდით, რადგან არ ვიცოდით კოვიდით დაავადების შემთხვევაში რამდენად მძიმე იქნებოდა გართულებები. საბედნიეროდ, იმ ღონისძიებების წყალობით, რომელიც ჩვენმა ცენტრმა განახორციელა ჩვენი ყოფილი ან მოქმედი პაციენტებიდან ძალიან ცოტა, მხოლოდ 28 დაინფიცირდა კოვიდით.
– რა უპირატესობით სარგებლობენ ქართველი პაციენტები, რომლებიც უსასყიდლოდ ღებულობენ მედიკამენტებს ტუბერკულოზის სამკურნალოდ?
– სიამაყით შემიძლია ავღნიშნო, რომ ტუბერკულოზის მართვის თვალსაზრისით დღეს საქართველო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა და ერთგვარ მაგალითად მსახურობს სხვა ქვეყნებისთვის. მედიკამენტები, რომლებიც 21-ე საუკუნის დასაწყისში იქნა სინთეზირებული ჩვენ უფრო ადრე გამოვიყენეთ, ვიდრე სხვა ქვეყნებმა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მედიკამენტები მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა და ყველასთვის ხელმისაწვდომია. მაგალითად, ბედაქილინის 6-თვიანი კურსის ღირებულება 900 დოლარს შეადგენს, ჩვეთან კი, მედიკამენტი სრულიად უსასყიდლოდ გაიცემა 18-20-თვიანი კურსისთვის. სხვათაშორის, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ეპიდემიური მდგომარეობა. ალბათ იცით, რომ ტუბერკულოზის მართვის პროგრამა 1995 წელს დაიწყო, ერთი წლის შემდეგ – 12 800 პაციენტი დარეგისტრირდა, 2020 წელს კი, მხოლოდ 1815 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც აშკარად მიანიშნებს დინამიკის კლებაზე. დღეს ჩვენი მიზანი და მთავარი ლოზუნგი ტუბერკულოზის დასრულებაა, რაც არა მხოლოდ დაავადების აღმოფხვრას, არამედ პრევენციული ღონისძიებების გააქტიურებასაც გულისხმობს.
გადაცემის აუდიოჩანაწერი