„მარიამი სახლიდან გუშინ საღამოს გავიდა. დეიდას უთხრა, რომ სასეირნოდ მიდიოდა და მალე მოვიდოდა – არანაირ ცუდ ხასიათზე ყოფნა, არანაირი ნიშანი არ იყო იმისა, რომ სურვილი გასჩენოდა თვითმკვლელობით დაესრულებინა სიცოცხლე, მსგავსი არაფერი იყო“, – ამის შესახებ ავჭალაში, შემოვლითი რკინიგზის გაუქმებული ხიდიდან, 17 წლის მარიამ ლომიშვილის გადავარდნის ფაქტთან დაკავშირებით ოჯახის ადვოკატმა, ნანა ფარჩუკაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისი თქმით, „იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებით დადგინდება, რომ 17 წლის გოგონამ ხიდიდან გადავარდნით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, კითხვები მის შეყვარებულთან ექნებათ, რომელთანაც მარიამ ლომიშვილი დაშორებას ცდილობდა“.
ავჭალაში, ხიდიდან გადმოვარდნის შედეგად 17 წლის გოგო გარდაიცვალა
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
„ზუსტად არ ვიცით, რა მოხდა, მაგრამ არსებობს კითხვის ნიშნები, შესაბამისად, გამოძიებას დაველოდებით. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. მარიამი სახლიდან გუშინ საღამოს გავიდა. დეიდას უთხრა, რომ სასეირნოდ მიდიოდა და მალე მოვიდოდა. არანაირ ცუდ ხასიათზე ყოფნა, არანაირი ნიშანი არ იყო იმისა, რომ სურვილი გასჩენოდა თვითმკვლელობით დაესრულებინა სიცოცხლე, მსგავსი არაფერი იყო. ან უბედური შემთხვევაა ან დანაშაული, მე თვითმკვლელობას ვერ განვიხილავ.
მარიამი სახლიდან ვისთან ერთად გავიდა არ ვიცი, ამასაც გამოძიება დაადგენს. ის 17 წლის იყო. თუკი დადგინდა, რომ თვითმკვლელობაა, თვითმკვლელობამდე მიყვანის საკითხზე ვისთან უნდა გვქონდეს კითხვები ვიცით – კითხვები გვექნება მისი შეყვარებულის მიმართ.
დადგინდება, რომ ეს თვითმკვლელობამდე მიყვანაა და ეს თვითმკვლელობა იყო, ერთადერთი კითხვები არის მისი შეყვარებულის მიმართ, რომელთან დაშორებასაც ცდილობდა მარიამი და ის ბიჭი თავს არ ანებებდა, ეს იყო ფაქტი.
რაც შეეხება იმას, იყო თუ არა მარიამი ფსიქოლოგიური ან სხვა სახის სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი, დაახლოებით, ალბათ. გამოძიებასთან ვითანამშრომლებთ და ყველაფერს დაადგენს გამოძიება“, – განაცხადა ნანა ფარჩუკაშვილმა.
ცნობისთვის, შემთხვევა ავჭალის ხიდთან გუშინ საღამოს მოხდა, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
