საერთაშორისო ტურიზმი 2023 წლამდე პანდემიამდელ ნიშნულს ვერ დაუბრუნდება, – ინფორმაციას Reuters ავრცელებს, რომელიც გაერო-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით წერს და იუწყება, რომ ვაქცინაციას საერთაშორისო ტურისტების მიმართ ნდობის აღდგენაში გადამწყვეტი როლი აქვს.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშის თანახმადვე, 2020 წელს, საერთაშორისო ვიზიტების მაჩვენებელმა 73%-ით იკლო 2019 წელთან შედარებით, რამაც გლობალურად ტურიზმის და მასთან დაკავშირებული სექტორების $2.4 ტრილიონი დოლარის ზარალი გამოიწვია.
„საერთაშორისო ტურიზმში ჩვენ 30 წლის წინანდელ დონეზე ვართ, ამიტომ ძირითადად 80-იან წლებში ვიმყოფებით”, – თქვა ზორიცა უროშევიჩმა, გაეროს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ჟენევის წარმომადგენელმა.
აღსანიშნავია, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშში ასევე საუბარია 2021 წლის სავარაუდო სცენარებზეც. ერთ-ერთი ვერსიით, წელს საერთაშორისო ტურიზმის მაჩვენებლის კლება 75-დან 63%-მდე იქნება, რის შედეგადაც სექტორის ზარალი $1.7-დან $2.4 ტრილიონამდეა მოსალოდნელი. შეგახსენებთ, ტურიზმი მრავალი ქვეყნის და, განსაკუთრებით, კუნძულების ერთადერთი მარჩენალია.
