„საკმაოდ მასშტაბური რეფორმა იწყება, რომელიც შეეხება სოციალურად დაუცველების აქტიურ შრომაში ჩართვას. იგეგმება იმ ადამიანების რესოციალიზაცია, რომლებიც წლების განმავლობაში არიან მინდობილი სოცილურ დახმარებას. მათ შესწევთ უნარი, რომ ღირსეულად ჩადგნენ სამსახურში და თავისი შრომით ჰქონდეთ შემოსავალი“, – ამის შესახებ ნათია თურნავამ დღეს, საკოორდნაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. ის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაანონსებულ რეფორმას გამოეხმაურა, რომლის შედეგადაც ქვეყანაში სოციალური პოლიტიკა შეიცვლება.
თურნავას განმარტებით, ამავდროულად ეკონომიკა ვითარდება ძალიან სწრაფად, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი, უფრო მეტი საჯარო პროგრამა უნდა განხორციელდეს და უფრო მეტია მოთხოვნა ამ სექტორში დასაქმებულებზე.
„აქ ჩვენ ეს ორი რამ უნდა დავაკომბინიროთ, ერთი მხრივ მეტი და მეტი პროგრამა გვაქვს, სადაც შესაძლებელია დასაქმდნენ და არ საჭიროებს განსაკუთრებულ უნარებს ამ ეტაპზე. გვყავს 200 ათასი ადამიანი, რომელსაც აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი, მაგრამ, ამავდროულად სურვილიც აქვთ, რომ ჩაერთონ შრომით საქმიანობაში. ამ თემაზე, ყველა დეტალი ცოტა ხანში გახდება ცნობილი. რეფორმა გამოიწვევს სიღარიბის დაძლევას და შრომისუნარიანი ადამიანების დასაქმებას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
