ჯანდაცვის სამინისტრომ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების გაყიდვების მაჩვენებელი შეისწავლა. შედეგად, გამოიკვეთა, რომ ფარმაცევტული ბაზრის გახსნიდან დღემდე, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები 125 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა, რაშიც 62 მილიონის ლარის ნაცვლად, დაახლოებით, 19 მილიონი ლარი გადაიხადა. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში, საქართველოს მოქალაქეებმა წამლებში 43 მილიონ ლარამდე დაზოგეს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური აღნიშნავს, რომ თურქული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს სააფთიაქო ქსელებში 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, საგრძნობლად დაბალ ფასადაა ხელმისაწვდომი.
„საშუალოდ, როდესაც ძველი ფასებით მომხმარებელი, ფარმაცევტულ პროდუქტში თვეში იხდიდა 200 ლარს, დღევანდელი მონაცემებით, მას იგივე მედიკამენტების შეძენა დაახლოებით 60 ლარი უჯდება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული რეფორმის შედეგად, ჩვენ უკვე ვხედავთ ხელშესახებ ცვლილებებს.
ეს გამოიხატება წამლის ფასების 60-80%-მდე შემცირებაში. იმპორტირებული თურქული მედიკამენტების რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია და აღნიშნული შეღავათი უფრო მეტ მოქალაქეზე აისახება“ – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.