თურქეთთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის შესახებ დოკუმენტში კვოტები და საბაჟო ტარიფები გადაიხედება. ამის შესახებ ”ფორტუნას” სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დოკუმენტზე უწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად მუშაობს.
”ვმუშაობთ იმ პირობებზე, რომელიც ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის გადასახედია. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, თუ რა შედის ჩვენს ინტერესებში. საუბარია ძალიან ბევრ პირობაზე, მათ შორის, ეს ეხება კვოტებს, სატარიფო პოლიტიკას, საბაჟო ტარიფებს. ძალიან ბევრი პარამეტრია. ჩვენ ზუსტად ვიცით რა გვინდა და ვმუშაობთ ამაზე” – განუცხადა ”ფორტუნას” დანელიამ.
“თავისუფალი ვაჭრობის შესახებ” შეთანხმება საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის 2007 წლის 21 ნოემბერს გაფორმდა და 2008 წლის 1 ნოემბრიდან შევიდა ძალაში. ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ გაუქმდა იმპორტზე დაწესებული საბაჟო გადასახადები და მისი ეკვივალენტური ეფექტის მქონე მოსაკრებლები.