„ლარსის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი შეუფერხებლად მუშაობს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთის მხარეს, „ლარსის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, გარკვეული შეფერხებები აქვთ თურქეთიდან რუსეთის ტრანზიტულად მოძრავ ტვირთებს.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, მითითებული ტვირთებიდან უკან მობრუნებული სატვირთო ავტომობილების ნაწილი, მძღოლების მოთხოვნის შესაბამისად, გაიგზავნა აზერბაიჯანის ან თურქეთის რესპუბლიკების მიმართულებით. დარჩენილი მანქანები იმყოფებიან ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე და რუსეთის ფედერაციაში შესვლის თანხმობას ელოდებიან.
”ქართულ მხარეს საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში არ იმყოფება არც ერთი ზემოაღნიშნული მიზეზით გაჩერებული ავტომანქანა” – განმარტავენ საბაჟო დეპარტამენტში.
საქართველოს ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, მებაჟე-ოფიცრები აწვდიან შესაბამის ინფორმაციას ტრანზიტულად მოძრავი ტვირთების მძღოლებს „ლარსის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე არსებული მდგომარეობის შესახებ.