თუშეთი მხოლოდ იდუმალი მთები და ლამაზი ბუნება რომ არ არის, უკვე იმ სამაგიდო თამაშებიდანაც გახდა გასაგები, რომლებიც თუშურ კულტურას, ხალხურ სიბრძნეს აცოცხლებენ, რომლებიც თუშურ ამბებს თანამედროვე ენით ჰყვებიან – ერთი სიტყვით, ტრადიციებით ინოვაციას უხსნიან გზას. ამ თამაშებს ახლახან დაარსებული სოციალურო საწამო „თუშური თამაშობები“ ქმნის, რომელმაც მიზნად თუშური მემკვიდრეობის პოპულარიზაცია დაისახა.

მარიამ ქადაგიძე, სოციალური საწარმოს „თუშური თამაშობები“ თანადამფუძნებელი:
– ჩვენთვის, საწარმოს დამფუძნებლებისთვის, როგორც თუშებისათვის, ძალიან ძვირფასია თუშური კულტურა, ტრადიციები და ის მემკვიდრეობა, რაც ჩვენამდეა მოღწეული და შენარჩუნებული. მოგეხსენებათ, თუშეთი პეტროგლიფების სიმრავლითაა გამორჩეული (პეტროგლიფები კლდეზე, ლოდებსა თუ მღვიმის კედლებზე ამოკაწვრით ან ამოკვეთით შესრულებული გრაფიკული გამოსახულებებია). დღეისთვის საქართველოს ამ ერთ-ერთი ულამაზეს და იდუმალ მხარეში ასზე მეტი პეტროგლიფია შემორჩენილი. მათ ნახავთ ძველ ნასოფლარებში – ციხე-სახლებზე, კოშკებსა და საფლავის ქვებზე. გამოსახულებებს შორის გვხვდება ასტრალური სიმბოლოები, ბრძოლის ან ნადირობის სცენები და მითოლოგიური პერსონაჟები. მათში ჩადებულია უძველესი საკრალური ცოდნა, რომელიც თანამედროვე ადამიანისთვის ხშირად ბუნდოვანი და გაუგებარია. სწორედ პეტროგლიფებმა გააღვივეს ჩვენში სურვილი, თუშეთში არსებული ეს უნიკალური მემკვიდრეობა უფრო მეტი ადამიანისათვის გაგვეცნო და მათი მეშვეობით გაგვეზარდა ინტერესი ჩვენი მხარის მიმართ როგორც ადგილობრივებში, ასევე უცხოელებში.

– რა სამუშაოები უძღვის წინ თქვენი სამაგიდო თამაშების შექმნას?
– თამაშების შექმნას წინ უძღვის თამაშში გამოყენებული სიმბოლოების (პეტროგლიფების) მოძიება, შესწავლა და დამუშავება. ამ საკმაოდ ხანგრძლივ პროცესში ვიყენებთ როგორც სხვადასხვა კვლევით ლიტერატურას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ზეპირსიტყვიერ ცოდნას.
ამ ეტაპზე მომხმარებლებს ვთავაზობთ სამაგიდო თამაშს „პიქტო მახსოვარა“. ეს არის მეხსიერების კლასიკური თამაში, სადაც მოთამაშეები ერთმანეთს სიმბოლოების ყველაზე მეტი წყვილის პოვნაში ეჯიბრებიან. თამაში შედგება ხის 20 ფიგურისგან, რომლებზეც გამოსახულია თუშეთში აღმოჩენილი 10 უძველესი პეტროგლიფი – ასტრალური სიმბოლოები, ნადირობის სცენები და ქვაზე ნაკვეთი საიდუმლოებები.

– რა ასაკის ადამიანებისთვისაა ეს თამაში განკუთვნილი?
– როგორც სხვა კლასიკური მეხსიერების თამაშები, „პიქტო მახსოვარაც“ ყველა ასაკის ადამიანისათვისაა განკუთვნილი, თუმცა ჩვენი დაკვირვებით უფრო დიდი ინტერესი გამოიწვია მცირეწლოვან ბავშვებში. შეიძლება ითქვას, რომ ეს თამაში პატარებისთვის უფრო მეტად გასართობი და სახალისო გამოცდილებაა, ხოლო ზრდასრულებისათვის, გართობასთან ერთად, შემეცნებით ხასიათს ატარებს.
– ვისთან ერთად უძღვებით ამ საქმეს, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც გარშემო შემოიკრიბეთ?
– თამაშების შექმნის პროცესში მთელი ოჯახი ვართ ჩართული. თამაშები იწყობა, მუშავდება და საბოლოო სახეს იღებს ჩვენს სახელოსნოში. თამაშის ვიზუალის, დიზაინის შემუშავებაში მეგობრები დაგვეხმარნენ, რამაც, ერთგვარად, შეავსო ჩვენი ცოდნა/გამოცდილება და საშუალება მოგვცა, სრულყოფილი თამაში შეგვექმნა.

– რატომ გადაწყვიტეთ სოციალურ საწარმოდ პოზიციონირება?
– ჩვენი მისიაა თუშური კულტურული მემკვიდრეობის (პეტროგლიფების, არქიტექტურის, ადათ-წესების) პოპულარიზაცია და თუშეთში სოციალური და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ინოვაციური პროდუქტის შექმნით.
– „პიქტო მახსოვარას“ საზოგადოებისთვის წარდგენის შესაძლებლობა თუ მოგეცათ უკვე და როგორი იყო უკუკავშირი?
– თამაში პირველად საჯაროდ 12 ოქტომბერს, თუშური გუდის ყველის ფესტივალზე წარვადგინეთ. მან ვიზიტორების დიდი ყურადღება დაიმსახურა, განსაკუთრებით კი მცირეწლოვან ბავშვებს შორის.
– სად არის შესაძლებელი თქვენი ნაწარმის შეძენა-დათვალიერება?
– ამ ეტაპზე თამაშების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ, ჩვენი ფეისბუკ გვერდის საშუალებით. სურვილი გვაქვს, ჩვენი თამაშობები თბილისშიც იყოს ფიზიკურად ხელმისაწვდომი. ამისთვის მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და უახლოეს მომავალში ვამცნობთ საზოგადოებას სიახლეს.
– როგორ განსაზღვრავთ თქვენი პროდუქციის ფასს, რათა ის შინაარსითაც და ღირებულებითაც მიმზიდველი იყოს მომხმარებლისთვის?
– რა თქმა უნდა, გვინდა, რომ თუშური თამაშობები ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი, რათა მეტი ინტერესი გაჩნდეს თუშური კულტურის მიმართ. ამ ეტაპზე თამაშის ღირებულება არის 30 ლარი. შეიძლება ითქვას, რომ ახლა თამაშის ტესტირების ეტაპზე ვართ, მომხმარებლების უკუკავშირიდან გამომდინარე შესაძლებელია მისი მოდიფიკაციაც.
– რა გეგმები გაქვთ თქვენი საწარმოს განვითარებასთან დაკავშირებით, ვისი მხრიდან ხელშეწყობა გჭირდებათ ყველაზე მეტად?
– სურვილი გვაქვს, მომხმარებლებს უფრო მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ, უკვე ვმუშაობთ კიდეც რამდენიმე ახალი თამაშის იდეაზე და იმედი გვაქვს, ძალიან მალე წარვუდგენთ მათ ჩვენს მომხმარებლებს. საზოგადოების მხრიდან ინფორმაციის გავრცელება, გაზიარება იქნებოდა ჩვენთვის ამ ეტაპზე ყველაზე დიდი მხარდაჭერა, რათა უფრო მეტმა ადამიანმა შეიტყოს ჩვენ შესახებ.
