LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორც კი ჩემს ხელში TV პირველის მიკროფონი დაინახეს, დაგვიწყეს გინება… სცადეს წაერთმიათ და ტექნიკა დაეზიანებინათ“ – ნანუკა ქაჯაიას და მის ოპერატორს თავს დაესხნენ

310
ნანუკა ქაჯაია

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, რესპონდენტის ჩასაწერად მისულ TV პირველის ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას და მის ოპერატორს გაურკვეველი პირები თავს დაესხნენ. 

როგორც თავად ნანუკა ქაჯაია „ფორტუნასთან“ საუბრისას ჰყვება, დოლიძის ქუჩაზე, ოპერატორთან ერთად, კლინიკაში სინქრონის ჩასაწერად იყო მისული. ამბობს, რომ გარკვეული დროით რესპონდენტის ლოდინი მოუწია, რა დროსაც 2 მამაკაცი თავს დაესხა, სცადეს მიკროფონის წართმევა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა.

„დაახლოებით 2-ის ნახევარზე, დოლიძის ქუჩაზე, 46 ნომერში, რესპონდენტის ჩასაწერად მივედით. უნდა ჩაგვეწერა ექიმი ლალი ჯანაშია, მოკლედ, ჩემი პროფესიული მოვალეობა უნდა შემესრულებინა. სინქრონის ჩაწერამდე რესპონდენტს მიკროფონით ხელში ველოდებოდი.

იქვე ახლოს ორი მამაკაცი იყო, როგორც კი ჩემს ხელში TV პირველის მიკროფონი დაინახეს, დაგვიწყეს გინება. სცადეს, რომ წაერთმიათ მიკროფონი და შემდეგ სცადეს, ტექნიკა დაეზიანებინათ.

გვაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და იწევდნენ… ექიმმა, რომელიც უნდა ჩაგვეწერა, ყველაფერი დაინახა და კლინიკიდან გამოვიდა. ინციდენტს ასევე შეესწრო ჩვენი კოლეგა, „ფორმულას“ რეპორტიორი, თიკო ერაძეც. საბედნიეროდ, ბევრი ხალხი მოგროვდა და ისინი დაგვეხმარნენ.

პოლიცია არ გამოგვიძახებია, ქალბატონი ლალიც აღელდა, ინერვიულა და ჩვენც თავისთავად, საქმეზე ვიყავით მისულები… თუმცა რამდენიმე წუთის წინ დამირეკეს და მითხრეს, რომ გამოძიება დაიწყეს.“– უთხრა „ფორტუნას“ ნანუკა ქაჯაიამ.

ინციდენტზე კომენტარი ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს თიკო ერაძეს ვთხოვეთ, როგორც მან „ფორტუნას“ უთხრა, ფაქტის შემსწრე თავად იყო და დაინახა, როგორ აყენებდნენ მის კოლეგებს შეურაცხყოფას დაუდგენელი პირები, რომლებიც მისი აზრით, არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ.

„TV პირველის“ თანამშრომლებისთვის – ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიასა და მისი ოპერატორისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები