საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით, ტყიბულში 6 მეშახტის გარდაცვალება არა ბუნებრივ მოვლენას, არამედ ადამიანურ ფაქტორს უკავშირდებოდა. ექსპერტები საქართველოში სწორედ პროფესიული კავშირების მოწვევით ჩამოვიდნენ. ამის მიუხედავად, პროფკავშირებში აცხადებენ, რომ დასკვნა არ არის სრულყოფილი.
“იკვეთება მნიშვნელოვანი საკითხები, შედეგად შეიძლება დასკვნის გაკეთება იმის შესახებ, რომ 2018 წლის 5 აპრილს მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზები არ უნდა ვეძებოთ სამთო დარტყმასა და სხვა ბუნებრივ მოვლენებში, არამედ უფრო მეტად იკვეთება ადამიანური გადაცდომის შესაძლებლობებში,” – აცხადებენ პროფკავშირებში.
მათივე განცხადებით, ავარიისა და შედეგად, მეშახტეების დაღუპვის მიზეზი, შესაძლოა არასწორად ჩატარებული საამფეთქებლო სამუშაო ყოფილიყო.
“როგორც ირკვევა ნახშირმომპოვებელ უბანზე, ავარიამდე, ცვლაში მომუშავეებზე გაიცა საამფეთქებლო მასალები, შესაბამისი სამუშაოების შესასრულებლად. ავარიის შემდეგ კი უბედური შემთხვევის ადგილის შემოწმების შემდეგ, ადგილზე ასაფეთქებელი მასალის მხოლოდ მცირე რაოდენობა იქნა აღმოჩენილი, რაც იმ ვარაუდის საფუძველია, რომ ბრიგადის მიერ საამფეთქებლო სამუშაო შესრულდა. გამოძიების მიერ დასადგენია, რამდენად სწორად იქნა სამუშაო ჩატარებული, რადგან უკრაინელ ექსპერტთა ვარაუდით, ავარიის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა სწორედ საამფეთქებლო სამუშაოების არასწორად განხორციელება ყოფილიყო”, – აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.
5 აპრილს ტყიბულში, შახტში აფეთქებისას 6 მეშახტე დაიღუპა,სამი კი დაშავდა.