ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში ახალგაზრდა მამაკაცს მეზობელმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.
შსს-ს ცნობით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
როგორც “ფორტუნას” უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ერთი პირია დაკავებული.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ტყიბულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1949 წელს დაბადებული თ.ქ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეზობელს – 1967 წელს დაბადებულ მ.ქ.-ს საწვავი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა სტაციონარში გადაიყვანეს. პოლიციამ თ.ქ. შემთხვევის ადგილზე დააკავა”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლით.