LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უახლოეს ორ კვირაში, შესაძლოა შედგეს” – ჩავუშოღლუს თქმით, ლავროვი და კულება შეხვედრისთვის მზად არიან

84
BeFunky-collage (3)

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთისა და უკრაინის საგარეო მინისტრები მზად არიან ერთმანეთთან მორიგი შეხვედრა გამართონ. მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ამის შესახებ თურქეთს თავად დმიტრო კულებამ და სერგეი ლავროვმა აცნობეს.

„დმიტრო კულებამ და სერგეი ლავროვმა გვაცნობეს, რომ შეხვედრისთვის მზად არიან. უახლოეს ორ კვირაში, შესაძლოა, შეხვედრა შედგეს, სულ მცირე, უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ ტელეარხ A Haber-ის ეთერში.

ჩავუშოღლუს თქმით, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ „უფრო მნიშვნელოვანი საკითხები“ უფრო მაღალ დონეზე განიხილებოდა.

„გაგრძელდება დელეგაციების ტექნიკური მოლაპარაკებები. ამასთან, შეხვდებიან საგარეო საქმეთა მინისტრები და თუ შეთანხმება მიიღწა, დაამტკიცებენ. შემდეგი ეტაპი ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა იქნება“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, თურქული მხარე მონდომებულია უკრაინის საკითხზე ორი ქვეყნის დიპლომატებს შორის შეხვედრა მოხერხდეს.

ცნობისთვის, რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შეხვედრა თურქეთის ქალაქ ანტალიაში ერთხელ უკვე შედგა. მაშინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან ანტალიაში გამართული მოლაპარაკების პროცესის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ისინი ვერ შეთანხმდნენ ვერც უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ლავროვისგან ვერც ქალაქ მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაციისთვის საჭირო ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზების დაპირება მოისმინა.