ეკონომიკის სამინისტროს შეუსრულებელი დაპირება და ტექინსპექტირების გარეშე დარჩენილი მთიანი რეგიონები – ეს ის მთავარი პრეტენზიაა, რაც ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციას სახელმწიფოსა და კომპანია „გრინვეის“ მიმართ აქვს. როგორც „ფორტუნას“ ასოციაციის პრეზიდენტმა დავით მესხიშვილმა განუცხადა, სამინისტროს რეკომენდაცია არ სრულდება და მთიანი რეგიონები, მათ შორის: ხულო, ქედა, ყაზბეგი, ადიგენი, მესტია, ცაგერი და სხვა მუნიციპალიტეტები, სადაც დაახლოებით 50 ათასი ავტომობილია, ინსპექტირების გარეშე დარჩა.
დავით მესხიშვილი: “ეკონომიკის სამინისტრო რომ ინტერესთა გამოხატვას აცხადებდა, მთავარი მიზანი იყო, სერვისი გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი ყოფილიყო და ადამიანებს 100 და მეტი კილომეტრის გავლა არ უწევდეთ. სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციით, მთიან რეგიონში მოძრავი ხაზები უნდა ყოფილიყო. საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ კომპანიამ ეს მოძრავი ხაზები ჩამოიტანა და განათავსა მსხვილ ქალაქებში, იქ, სადაც ინსპექტირების ცენტრები ისედაც არსებობს. ჩნდება ეჭვი, რომ ეს ბიზნესში თამაშებია, რომ ხელოვნურად ჩნდება კონკურენტი და ამის მიზანია, ალბათ, ადგილზე მოქმედი ცენტრების ჩაძირვა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ბიზნესში არაჯანსაღ გარემოს ქმნის. მეორე მხრივ, მოსახლეობა ამ ფაქტით გაღიზიანებულია, რადგან სერვისს ვერ იღებს. საბოლოოდ ეს რეფორმას აყენებს დარტყმის ქვეშ. ჩვენ გვყავს უკვე გაბრაზებული ავტომფლობელები, რომლებსაც დამატებითი დანახარჯი აქვთ. გარდა იმისა, რომ ტექინსპექტირება 60 ლარის ღირს, ხულოდან ბათუმში ჩამოსვლა ხარჯია, თუ დაახარვეზეს, მეორედ კიდევ მოუწევთ ჩამოსვლა.”
გაძვირებული ავტონაწილები და შავი გამონაბოლქვი - ტექინსპექტირების შედეგები!
თბილისი, რომელიც ისევ შავ კვამლში იხრჩობა - ჩავარდა თუ არა ტექინსპექტირების რეფორმა
როგორც მესხიშვილმა გვითხრა, ისინი სამინისტროს რეკომენდაციებით მიმართავენ, რათა რეგლამენტში მკაცრად გაიწეროს, სად და რა გრაფიკით იმოძრავებს ტექინსპექტირების დროებითი ცენტრები.
“ჩვენ მინისტრს მივმართავთ, რომ მსგავსი ტიპის პრობლემები ამ სფეროში ბევრი დაგროვდა. გვაქვს მზად რეკომენდაციები და შეგვიძლია მივაწოდოთ. რეკომენდაცია შეიძლება იყოს მხოლოდ რეკომენდაცია და არა ვალდებულება, მაგრამ მიგვაჩნია, რომ კომპანია სახელმწიფოს რეკომენდაციას უნდა ასრულებდეს”, – აცხადებს მესხიშვილი.
რადიო “ფორტუნა” კომპანია “გრინვეისაც” დაუკავშირდა, რომელმაც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში გაიმარჯვა და ე.წ. მოძრავი ტექინსპექტირების ცენტრების განთავსება საკუთარ თავზე აიღო.
ხატია ყურაშვილი, “გრინვეი საქართველოს” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი:
„გრინვეი საქართველო” არაკონსტრუქციულ დიალოგში არ შევა კონკურენტებთან და უსაფუძვლო ბრალდებებს არ უპასუხებს. საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ ამ ეტაპზე „გრინვეის“ მობილური სადგურები გადაადგილდება აჭარის, სამცხე-ჯავახეთის და სამეგრელოს რეგიონებში. მიმდინარე წელს ჩვენ უკვე ვიყავით ცაგერის, ქედის, სტეფანწმინდის და მარტვილის მუნიციპალიტეტებში. მობილური სადგურების განთავსების ადგილები ირჩევა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მოსახლეობის მოთხოვნით და სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში. შესაბამისად, “გრინვეი საქართველო” ყველა ვალდებულებას ასრულებს. ეს უწყვეტი პროცესია. მომავალშიც დაგეგმილია სადგურების გადაადგილება. უახლოეს მომავალში ჩვენი სადგური მესტიაში განთავსდება”.