LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცხო ქვეყნის მოქალაქეების მწვანე სტატუსის დასადასტურებლად, საკმარისი იქნება მათ ქვეყანაში გაცემული შესაბამისი საბუთების წარდგენა

110
digital-immunization-certificate (1)

უცხო ქვეყნის მოქალაქეების მწვანე სტატუსის დასადასტურებლად, საკმარისი იქნება მათ ქვეყანაში გაცემული შესაბამისი საბუთების წარდგენა, – შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა.

დადგენილების თანახმად, რომელსაც ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიაწერს, ელექტრონულ პორტალზე – www.covidpass.moh.gov.ge, აპლიკაციაში – CovidPass Georgia და EU Digital COVID Certificate სისტემებში არარეგისტრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მწვანე სტატუსის შემოწმება სტატუსის მიმნიჭებელი ქვეყნის მიერ მინიჭებული QR კოდის ან შესაბამისი ოფიციალური უწყების მიერ გაცემული სრული ვაქცინაციის ან ნეგატიური PCR-ტესტის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე მოხდება.

როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საკუთარ ქვეყანაში გაცემული საბუთით, დაუბრკოლებლად შეძლონ მწვანე სტატუსით სარგებლობა.

დადგენილებაში განხორციელებული ცვლილება უკვე ძალაშია.

როგორც ცნობილია, ე.წ „მწვანე პასპორტის” კონცეფცია 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეებს მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის” პრინციპით შეუძლიათ შესვლა: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების – საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. „მწვანე პასპორტის” მოთხოვნა მოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.

აღსანიშნავია, რომ პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g