პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გლობალური პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ლეგალური ყოფნის ვადა 1 ივლისამდე გაუხანგრძლივდათ.
განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრელებს.
საქართველოში მყოფი უცხოელები ან მოქალაქეობის არ მქონე პირები, რომლებიც 2020 წლის 14 მარტისთვის ლეგალურად იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და გლობალური პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს ქვეყნის დატოვება კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე, უფლებამოსილნი არიან, იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე 2021 წლის 1 ივლისამდე. თუმცა, საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა გამოწვეული უნდა იყოს შემდეგი გარემოებებით:
ა) თუ პირის მოქალაქეობის სახელმწიფო შესაბამისი პერიოდისათვის შედიოდა მაღალი რისკის ზონაში;
ბ) თუ საზღვრის კვეთაზე შეზღუდვა დაწესებულია შესაბამისი სახელმწიფოს მიერ;
გ) თუ პირი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფება საავადმყოფოში, კარანტინში ან თვითიზოლაციაში;
დ) თუ პირმა ვერ დატოვა ქვეყანა დადგენილ ვადაში გაუქმებული ავიარეისების გამო.
ცვლილებების განხორციელებამდე საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ლეგალური ყოფნის ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე ქონდათ განსაზღვრული. საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 2021 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება კანონიერად საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნებისათვის და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში.