უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთაც მიწაზე საკუთრების უფლება მორატორიუმამდე მოიპოვეს, შესაძლოა საკუთრების განკარვის უფლება მიეცეთ.
როგორც სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განუცხადა, აღნიშნული წინადადება “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვისას დაისვა და ის სავარაუდოდ, კანონში აისახება. მისივე თქმით, პრინციპების დონეზე გაზიარებულია ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვისგან კომერციული ბანკების გარდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც გათავისუფლდნენ.
საგაზაფხულო სესიის ბოლოს, პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, უცხოელებსა და უცხოურ კომპანიებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებასა და საკუთრებაში გადაცემაზე მორატორიუმი დაწესდა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმა საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე შეჩერდა.
ამასთან, პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს ახალ პროექტს, რომლის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი შეზღუდვა კომერციულ ბანკებზე არ გავრცელდება. აღნიშნული შეზღუდვა ასევე არ გავრცელდება განსაკუთრებულ შემთხვევებზე, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით განისაზღვრება.