LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უცხოელი ჯერ კიდევ აღიქმებოდა, როგორც საშიში „პოლიტიკური ვირუსით“ ინფიცირებული არსება…” – რა თხოვნა შეუსრულა გელა ჩარკვიანმა ბუბა კიკაბიძეს

276
BeFunky-collage

მწერალი, დიპლომატი გელა ჩარკვიანი, სოციალურ ქსელში ბუბა კიკაბიძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მასთან ერთ-ერთი შეხვედრის დეტალებს იხსენებს.

გთავაზობთ მის პოსტს:

“მახსოვს, ბუბა კიკაბიძე ჯერ კიდევ ჩვენთან, უცხო ენების ინსტიტუტის ანსამბლში იყო, ჰენკ უილიამსის 1952 წელს დაწერილი სიმღერა Your Cheating Heart მოეწონა და მისი შესრულება მოინდომა. მთხოვა მაგნიტოფონიდან სიმღერის სიტყვები გამეშიფრა და მისთვის დამეწერა. დღეს, იმისათვის, რომ უცხო ენაზე, კერძოდ ინგლისურად ნამღერი სიმღერის ტექსტი დაადგინო, საკმარისია შეხვიდე ინტერნეტში, დაწერო სიმღერის დასახელება ან ფრაზა ტექსტიდან და მაშინვე მიიღებ ეკრანზე სრულ ინფორმაციას. სიტყვებსაც და იმასაც თუ ვინ და როდის შეასრულა. მაშინ სიტყვების (lyrics) მოსმენით ზუსტად ჩაწერა ადვილი საქმე არ იყო. იმდროინდელი ფირფიტასაკრავებისა და მაგნიტოფონების ბგერის ხარისხზე რომ არაფერი ვთქვათ, „მე ვოლოდია პეტროვი ვარ“-ის სახელმძღვანელოებსა და ნამდვილი ინგლისურისა და ამერიკულისაგან დიდად განსხვავებული გამოთქმის მქონე მასწავლებლების მიბაძვით აღზრდილ სპეციალისტთა თაობას, რა თქმა უნდა, გაუჭირდებოდა ჯაზის ან Country Music-ის ვოკალისტი-შემსრულებლების მიერ ნამღერი ნაწარმოების ტექსტის მოსმენით გაგება. მართალია, თბილისის ქუჩებში უკვე გამოჩნდნენ მშობლიურ ენაზე მოლაპარაკე ამერიკელი ტურისტები, რომლებთან გასაუბრება დიდ სარგებლობას მოუტანდა ჩვენს ინგლისურის მცოდნეებს, მაგრამ მათთან კონტაქტს უმეტესობა ერიდებოდა. უცხოელი ჯერ კიდევ აღიქმებოდა, როგორც საშიში „პოლიტიკური ვირუსით“ ინფიცირებული არსება, რომელსაც სჯობდა არ გაჰკარებოდი. ბუბას თხოვნა შევასრულე და ის დიდი წარმატებით ასრულებდა Your Cheating Heart-ს ინგლისურად.

მას შემდეგ არაერთხელ მომიხდა ამ საქმის კეთება… ირმა სოხაძე სულ 9 წლის ბავშვი იყო, როცა აოცებდა აუდიტორიას საკმაოდ რთული ჯაზური სიმღერების შესრულებით. ჯაზის უზადო მცოდნის, თბილისში ჯაზური მუსიკის ყველაზე შთამბეჭდავი ფონოტეკის მქონე ზაურ ჭითავას რჩევით, ირმამ გადაწყვიტა შეესრულებინა Mister Paganini, რომელიც ელა ფიცჯერალდის ცნობილი ალბომის “Ella in Hollywood”-ის ერთ-ერთი გამორჩეული სიმღერა იყო. აგული სოხაძემ, ირმას მამამ მთხოვა „პაგანინის“ სიტყვები გამეშიფრა და მაგნიტოფონის ფირიც გადმომცა, რომელზეც ჩაწერილი იყო სიმღერა ელას შესრულებით. თემო ცაგარელის ბინაში სამმა მოვისმინეთ – სახლის პატრონმა, მე და ილო თუმაჯანოვმა. პირველივე წინადადება The concert was over in Carnegie Hall შეიძლებოდა პრობლემური ყოფილიყო იმდროინდელი საბჭოთა ადამიანისთვის – ნიუ იორკის „კარნეგი ჰოლის“ არსებობის შესახებ მხოლოდ ერთეულებმა იცოდნენ. ისედაც უჩვეულო სიუჟეტის მქონე სიმღერაში არაერთი ნათავისარის შეტანით ელამ მას ოდნავ აბსურდისტული იერი შესძინა. Scat-ით, ინსტრუმენტული იმპროვიზაციის მიბაძვით ნამღერ პასაჟებს მოულოდნელად მოსდევს ციტატა დიუკ ელინგტონის კლასიკად ქცეული “I’m Beginning to See the Light”-იდან. ბოლოს მაინც ვძლიეთ ამ არაჩვეულებრივი სიმღერის ტექსტს და ირმას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან, ცხრა წლისამ, „მისტერ პაგანინი“ მრავალჯერ საუკეთესოდ შეასრულა და მსმენელისგან საჩუქრად მიიღო სიმღერაში მოხსენიებული “long applause.”’

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები