29 მაისს, პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ელჩი, სალომე შაფაქიძე უწყებაში დაიბარა – ამის შესახებ ინფორმციას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებას გამოთქვამს:
„ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღრმა მწუხარება გამოხატა საქართველოს მმართველი პარტიის მიერ გადადგმულ ნაბიჯთან და იმ სხვა ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების დაშინებისა და მათი საქმიანობის შეზღუდვისკენ არის მიმართული.
აღნიშნული ქმედებები ძირეულად ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციით გათვალისწინებულ მისწრაფებებს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის კუთხით.
2023 წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის შესრულების პირობით მიანიჭა.
როდესაც საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო, ევროკავშირმა ცალსახად გააფრთხილა, რომ რუსეთის სტილის კანონი ევროკავშირის ფუნდამენტურ სტანდარტებს და ღირებულებებს არ შეესაბამება და იყო შეფერხება იმ აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციიდან მინიმუმ სამშია ასახული.
საქართველოში ცოტა ხნის წინ ასევე წარადგინეს კიდევ რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შეუთავსებელია ევროკავშირთან ინტეგრაციასთან, გავრცელდა ანტიდასავლური პროპაგანდა და მასობრივი პროტესტი მოჰყვა ხელისუფლების მიერ სამოქალაქო საზოგადოების დაშინებისა და მისი წარმომადგენლების მიმართ ძალადობის კამპანიას.
ლიეტუვა ამ მოვლენების გამო ღრმად არის შეშფოთებული და პარტნიორებთან ერთად საქარტველოსთან მიმართებით შესაძლო საპასუხო ზომებს განიხილავს.
ლიეტუვა ხაზს უსვამს რა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის აუცილებლობას, რომელიც ქართული საზოგადოების ნებასნ ასახავს, განაგრძობს თანმიმდევრულ მხარდაჭერას ქართული საზოგადოების იმ მისწრაფებების მიმართ, რომლებიც ქვეყნის მომავლის ევროკავშირთან და ნატო-სთან დაკავშირებას გულისხმობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„[კანდიდატის სტატუსი] შეიძლება შეჩერდეს“ – ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი