სერიულმა tesla Model S–მა ნიურბურგრინგის ტრასაზე ახალი რეკორდი დაამყარა. როგორც ილონ მასკმა თავის „ტვიტერზე“ განაცხადა, ლიფტბეკის ძლიერმა მოდიფიკაციამ 20,6 კილომეტრიანი წრის გასაკეთებლად 7 წუთი და 30,9 წამი დახარჯა, რაც 12 წამით უფრო ნაკლებია, ვიდრე Porsche Taycan Turbo–ს მაჩვენებელი. ამ დროს „ტესლას“ საშუალო სიჩქარე 166,3 კმ/სთ იყო.
Tesla Model S Plaid ნიურბურგრინგზე პირველად 2019 წელს გავიდა, Porsche Taycan–ის პრეზენტაციიდან მეორე დღესვე. მაშინ 3 ძრავიანმა მოდელმა ტრასა თითქოს 7 წუთსა და 23 წამში გაიარა, თუმცა ეს შედეგები არაოფიციალური იყო.
ამჯერად კი რეკორდული დროის აღმნიშვნელი ფოტო თავად ილონ მასკმა გაავრცელა. როგორც ჩანს, 7 წუთსა და 30,9 წამში Model S–მა 20,6 კილომეტრიანი მონაკვეთი დაფარა, ხოლო სრული წრის ანუ 20,8 კილომეტრის გასავლელად ლიფტბეკს 7 წუთი და 35,6 წამი დასჭირდა. მსვლელობის ვიდეო ჩანაწერი ჯერ–ჯერობით არ გავრცელებულა.
მასკმა ისიც აღნიშნა, რომ რეკორდი დაამყარა სერიულმა Model S Plaid–მა, რომელიც ტრასაზე პირდაპირ ქარხნიდან მიიყვანეს. უახლოეს მომავალში კი ნიურბურგრინგის დასაპყრობად უკვე მოდიფიცირებულ ლიფტბეკს გაიყვანენ და შედეგიც აუცილებლად გაუმჯობესდება. ყოველ შემთხვევაში მასკი ამის პირობად დებს.