LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უფლებებზე დაფუძნებული მიდგომები სოციალურ სერვისებში“ – თბილისში, შშმ პირთა სერვისების შესახებ ლიეტუვის საელჩოს მიერ მხარდაჭერილი პროექტი შეაჯამეს

674
EDEC-ის ღონისძიება

„უფლებებზე დაფუძნებული მიდგომები სოციალურ სერვისებში“ – ამ თემაზე დღეს, თბილისში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეებმა პროექტის: „სწავლა მეგობრებისგან – პროფესიული გამოცდილების გაზიარება შშმ პირებთან მუშაობისას“ ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატში იმსჯელეს.

შეხვედრის მიზანი უფლებებზე დაფუძნებული სოციალური სერვისების შესახებ სასწავლო ვიზიტში მიღებული ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება იყო.

როგორც „ფორტუნას“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ლია კილაძემ განუცხადა, აღნიშნულ შეხვედრაზე ლიეტუვის საელჩოს მიერ მხარდაჭერილ პროექტი შეაჯამეს, რომელიც განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის მიერ ახლად შექმნილ ორგანიზაციასთან, „ჰაბიტატი“ – თანასწორობის მიღწევებისა და განვითარებისთვის განხორციელდა.

მისი ინფორმაციით, ყველა სოციალური სერვისი, რომელსაც თავის დროზე, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი ახორციელებდა, ადმინისტრირებისთვის უკვე „ჰაბიტატს“ გადაეცა, რომელიც ამ მიმართულებით, ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა.

რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, ლია კილაძის თქმით, ითვალისწინებდა თავად სერვისში ჩართული პერსონალის გადამზადებას, რის შემდეგაც სასწავლო ვიზიტი ლიეტუვაში განხორციელდა და სადაც კოლეგებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.

 

„სწავლა მეგობრებისგან – პროფესიული გამოცდილების გაზიარება შშმ პირებთან მუშაობისას“

 

„ზოგადად, ალბათ, ახალი არავისთვის იქნება, თუ ვიტყვი, რომ მსოფლიო მოსახლეობის 15%-მდე ადამიანები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თემის წარმომადგენლები არიან.

გარდა ამისა, გვაქვს ძალიან ბევრი არახილული შეზღუდული შესაძლებლობა და ადამიანები, რომლებიც აღნიშნული სტატუსის მატარებლებიც არ არიან.

აქედან გამომდინარე, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თემი, რომელიც ხშირად, საზოგადოების მხრიდან, დისკრიმინაციას განიცდის.

მიუხედავად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების, გაერთიანებების, ორგანიზაციების დიდი ძალისხმევისა, ეს თემი კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე  დიდ თემად, რომელიც მოწყვლადი ჯგუფია.

ეს არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან დიდ ბარიერებს აწყდებიან. ბარიერებს განათლებასთან, ჯანდაცვასთან, დასაქმების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ ძალიან დიდია ინფრასტრუქტურული პრობლემები.

როდესაც ჩვენ ამ საკითხებზე ვსაუბრობთ, საქართველოში ამ მიმართულებით კიდევ უფრო რთული ვითარება გვაქვს და თუ ჩვენი ქვეყნის შემთხვევას ავიღებთ, რეგიონებში გაცილებით მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე დედაქალაქში.

ასევე, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე ვსაუბრობთ, უნდა ითქვას, რომ [ეს პანდემიამ ძალიან კარგად დაგვანახა] გვაქვს ძალიან მწირი სოციალური სერვისები, რასაც აუცილებლად განვითარება სჭირდება, რადგან სწორედ ეს სერვისები ქმნის იმ შესაძლებლობას, რომ ადამიანებისთვის ღირსეული ცხოვრების პირობები შეიქმნას.

ამ შეხვედრის ფარგლებში სწორედ ამ სერვისების საჭიროებებზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით ხაზს ვუსვამთ უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის მნიშვნელობას იმიტომ, რომ თუ ჩვენ ამ საკითხებზე არ ვისაუბრეთ, ბუნებრივია, ქმედებები თავისთავად ვერ განხორციელდება იმ ტემპით, რა ტემპითაც საზოგადოებაში მოთხოვნილებები არსებობს“, – გვითხრა ლია კილაძემ.

 

უფლებებზე დაფუძნებული მიდგომები სოციალურ სერვისებში

 

„ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ პირველ რიგში, დაინტერესებულ მხარეებთან ვისაუბროთ და შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, საუბარს პრაქტიკული მხარდაჭერა უნდა მოჰყვეს“, – გვითხრა ლია კილაძემ და დაამატა, რომ ლიეტუვის საელჩო და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ღონისძიებაზე არიან მიწვეულნი, მომავალში, აღნიშნული სერვისების პოტენციურ მხარდამჭერებად წარმოუდგენიათ.

დასმულ კითხვაზე, რა ტიპის გადამზადება გაიარა პროექტში მონაწილე პერსონალმა და რა შედეგს გამოიღებს სამომავლოდ მათი მიღებული ცოდნა, ლია კილაძემ გვიპასუხა:

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პერსონალი, რომელმაც გადამზადება გაიარა, არიან ადამიანები, რომლებიც ჩართულნი არიან „ჰაბიტატის“ მიერ ადმინისტრირებული დღის ცენტრების სერვისების მიწოდებაზე – ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ამ სერვისების მიწოდებაში პედაგოგების ან მათი ასისტენტების სტატუსით არიან ჩართულნი.

ბუნებრივია, ის შედეგები, რომელიც ცოდნისა და განვითარებული უნარების სახით ამ ადამიანებს დარჩათ, პრაქტიკაში მათ ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენებული იქნება და მიწოდებული სერვისის ხარისხზე პირდაპირ პროპორციულად უნდა აისახოს.

თავად ეს გადამზადების პროცესი არ ითვალისწინებდა მხოლოდ ადგილზე სწავლებას, სასწავლო ვიზიტი დაიგეგმა იმიტომ, რომ გავცნობოდით და გვენახა, როგორ ხორციელდება მსგავსი ტიპის სერვისები ევროპაში.

ქვეყნებმა, რომლებმაც ეს ეტაპები ცოტა ადრე გაიარეს და ინტეგრაციის კუთხით წარმატებული ნაბიჯების გადადგმა მოახერხეს, ჩვენთვის მათი გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული იყო.

სამწუხაროდ, ეს პროექტი მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო ჯგუფზე იყო ორიენტირებული, რათა მიზანმიმართული ადამიანები გადამზადებულიყვნენ, თუმცა დღევანდელი შეხვედრით ვხსნით თემას სამომავლო დისკუსიებისა და მსჯელობისთვის.

დარწმუნებული ვარ, დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება და წვლილს შეიტანს სამომავლო იდეების განვითარების თვალსაზრისით.“ – განუცხადა „ფორტუნას“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ლია კილაძემ.

 

რას ნიშნავს უფლებებზე დაფუძნებული მიდგომები სოციალურ სერვისებში

 

„ევროკავშირის მხარდაჭერით სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა 3 წლიანი პროექტი განახორციელა, რომელიც მიზნად ზუსტად იმას ისახავდა, რომ  შეგვექმნა უფლებებზე დაფუძნებული მიდგომით სოციალური მომსახურების მიწოდების სერვისები“, – გვითხრა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG)  სოციალური მომსახურების განვითარების პროგრამის კოორდინატორმა, ზურაბ ტატანაშვილმა და პროექტის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა:

„საუბარია ორ ძირითად მიმართულებაზე: ერთია ორგანიზაციების გაძლიერება და მეორე – ზოგადად, გარემოზე მუშაობა, რაც უნივერსიტეტში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში, ამ თემის ინტეგრირებას – სტანდარტების განვითარებას და სოციალური მუშაობის კანონის აღსრულების [უფლებებზე დაფუძნებული მიდგომიდან გამომდინარე] მონიტორინგს გულისხმობდა.

თქვენს შეკითხვას რომ ვუპასუხო, რა იგულისხმება, განსხვავებაა უფლებებზე დაფუძნებულ და ალტერნატიულ მიდგომებს შორის, ასე ვიტყოდი:

ძირითადად, რასაც სოციალურ მომსახურებებში განასხვავებენ, ევოლუციის სახით რომ წარმოვიდგინოთ – თავიდან სოციალური მომსახურებები და პროგრამები ძირითადად ქველმოქმედებაზე დაფუძნებული მიდგომით ხდებოდა, რამაც თავის დროზე რაღაც საქმე გააკეთა, მაგრამ თავისი უარყოფოთი მხარეც აჩვენა.

ის, რომ ძლიერები ეხმარებიან სუსტებს, თუმცა რეალურად ისინი მაინც სუსტებად რჩებიან, რადგან თავიანთ სოციალურ ფუნქციონირებას, თვითრწმენას ვერ აღიდგენენ, ანუ მათი ძლიერი მხარეების ამ ქველმოქმედების შედეგად წინ წამოწეული არ არის.

მაგალითად, როცა ორგანიზაციაში საუბარია იმაზე, თუ რა ცვლილება უნდა შეიტანოს მან თავის ოპერირებაში, მანამდე მნიშვნელოვანია განისაზღვროს, რას ნიშნავს ეს თავად ბენეფიციარისთვის. როცა ნაწილი ორგანიზაციებისა რაღაც შეზღუდვებს აწესებს, ის ხშირად არ არის ხოლმე დაფუძნებული მტკიცებულებებზე და არ აქვს თავისი ახსნა.

ბენეფიციარმა არ იცის, რატომ ეზღუდება ესა თუ ის უფლება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მას არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ სწორედ მისი უფლება ბენეფიციარობის გამო იზღუდება.

გარკვეული გამონაკლისები შეიძლება იყოს, თუმცა ესეც ბენეფიციარისთვის უნდა იყოს ახსნილი, რათა მან მიიღოს ეს შეზღუდვა და თავი კიდევ უფრო დაჩაგრულად არ იგრძნოს, რადგან მერე ეს მისსავე ჩართულობაზე აისახება და რაც უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

ანუ, ღირსება, ჩართულობა, აქტიური მონაწილეობის მიღება და ავტონომია – ეს არის ის ღირებულებები, რაც უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომებზე დგას.“ – აღნიშნა „ფორტუნასთან“ საუბრისას ზურაბ ტატანაშვილმა.

შეხვედრაზე ასევე მიწვეული იყვნენ ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, სახალხო დამცველის აპარატის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოში სერვისის მიმწოდებელი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები და თემის წარმომადგენლები.

შეხვედრის ბოლოს, იმ გამოწვევების შესახებ, რაც სოციალურ სერვისებში უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების შესაბამისად გვაქვს, დისკუსია გაიმართა.

 

 

magti 5g