მაისიდან საქართველოში ინფლაცია გაიზრდება და გადააჭარბებს 14.5%-ს, ლარი ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდება საშუალოდ 15-20 პუნქტით, – ამის შესახებ ეკონომისტი ოთო აბესაძე აცხადებს.
ის მომდევნო თვის პროგნოზს აკეთებს და ამბობს, რომ მაისიდან საქართველოში გაძვირდება: პური და ფუნთუშეული საშუალოდ 18% – ით; სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (ზეთი, მაკარონი და ა.შ) საშუალოდ 15% – ით; კომუნალური სერვისები 12% – ით.
„ამ ყოველივეს ფონზე დაქირავებით დასაქმებულთა შემოსავლები რჩება იგივე და კორელაცია ფასების ზრდასა და ინფლაციასთან შეწონილში იძლევა საშუალოდ 20%-ით შემცირებულ მსყიდველუნარიანობას. უფრო მარტივად რომ ავხსნათ, საშუალო ჰარმონიული შეწონილის და პოპულაციის პრინციპით, მაისის თვიდან საშუალოდ 15%-ით ვღარიბდებით.
სანამ მთავრობა არ გაატარებს რადიკალურ ეკონომიკურ რეფორმებს, რომელიც შემოიტანს ახალ ვალუტას ქვეყანაში და გახსნის ახალი ბაზრების შესაძლებლობას, იქამდე თვიდან თვემდე გავღარიბდებით.
1️⃣ მცირე მთავრობის კონცეფცია;
2️⃣ ბიუჯეტის ხარჯვითი და ადმინისტრაციული ნაწილის მინიმუმ 4 მილიარდით შემცირება;
3️⃣ მულტისავალუტო სისტემის ამუშავება;
4️⃣ თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნა;
5️⃣ ბლოკჩეინ “ქალაქების” და “სილიკონ ველის” შექმნა ყველა ქალაქში თავისუფალი ეკონომიკური ზონის პრინციპით;
6️⃣ ერთი გადასახადის პრინციპზე გადასვლა (სეილს ტაქსი, ან ბრუნვის 5%);
7️⃣ სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ქონების სრული პრივატიზება – ეს ის მინიმუმია, რომელზე მუშაობის დაწყების შემთხვევაში 18 თვეში დაეტყობა ეკონომიკას!“, – წერს ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში.