„როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა ემზადება ერგნეთიზაციისთვის, რომ მთელი საქართველო ერგნეთის ბაზრობად გადააქციოს. თუ საქართველო რუსულ კომპანიებს და სანქცირებულ სუბიექტებს სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარება, ეს იქნება კატასტროფა“, – ამის შესახებ ოპოზიცონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა აცხადებს, რითაც იგი მმართველი გუნდის წევრების მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებულ განცხადებებს ეხმაურება.
უგულავას შეფასებით, ასეთ შემთხვევაში, ამოვიგუდებით ამ სანქციებში და არავინ მოგვატყუოს, რომ ეს კეთილდღეობას მოგვიტანს.
როგორც პოლიტიკოსი აღნიშნავს, საქართველოს სანქციების დაწესებას არავინ არ სთხოვს და საუბარი არა სანქციების დაწესებაზე, არამედ მათთან მიერთებაზეა.
მისივე თქმით, სანქციების შესახებ ღარიბაშვილის განცხადება „აბსოლუტურად უტვინო, მოღალატეობრივი და ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანო“ იყო.
„2012 წლის შემდეგ რუსეთი, რომელიც მანამდე მეოთხე-მეხუთე ადგილს იკავებდა სავაჭრო პარტნიორებს შორის ახლა პირველ ადგილზეა. ჩვენ არ უნდა გადავვარდეთ ფობიებში, ამ ახალ რეალობაში ეკონომიკურად რუსეთზე დამოკიდებულება არის კატასტროფის ტოლფასი.
სანქციების შესახებ ღარიბაშვილის განცხადება აბსოლუტურად უტვინო, მოღალატეობრივი და ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანოა. სანქციებით დატვირთულ რუსეთთან მისვლა, რადიოაქტიულ წყაროსთან მიახლოების მსგავსია.
სანქციების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, შიშმა აიტანათ და რუსეთის მაამებლობა იყო ღარიბაშვილის პირველი განცხადება. სანქციების დაწესებას საქართველოს არავინ არ სთხოვს, გუშინ რომ ბაქიბუქობდა ღარიბაშვილი პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან სხვებსაც არ დაუწესებიათო, დაწესებაზე არ არის საუბარი, მიერთებაზეა.
მანამდე, ირანი იყო სანქცირებული და ამ სანქციების გამო ბევრი ირანული კომპანია ჩვენს ქვეყანაში ვერ ოპერირებდა, საქართველო მონაწილეობდა საერთო სანქციების პაკეტში და არ აძლევდა გვერდის ავლის შესაძლებლობას. ეს არის ცეცხლთან თამაში, რაც არ შეიძლება და კარგად უნდა გააცნობიეროს ხელისუფლებამ.
ჩვენ უნდა ვიყოთ დასავლეთის და თავისუფალი სამყაროს ნაწილი როდესაც ბოროტებას ებრძვიან. არავის არ ჰქონდეს იმის ილუზია, რომ რომელიმე გერმანელი ან დანიელი თავის ფულს მოიკლებს სანქციების გამო შემდეგ მშვიდად შეხედავს რომელიმე ბრიყვი ღარიბაშვილი როგორ ადებილებს მას და აკეთებს ფულს, ასეთი იდიოტები სხედან მთავრობაში, რომელთაც ჰგონიათ, რომ ამას გააკეთებენ.“– განაცხადა გიგი უგულავამ.