LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უჯანმრთელესი კაცი, რომელიც 12 წლიდან იოგით იყო დაკავებული, Covid-19-მა იმსხვერპლა – დავით კასრაზე კორონავირუსით გარდაცვლილ მეგობარზე

279
დავით ჩიჯავაძე

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი დავით კასრაძე Facebook-ზე წერს, რომ მისი მეგობარი, სუმომანთა კლუბის წევრი დავით ჩიჯავაძე, რომელიც 12 წლიდან იოგით იყო დაკავებული კორონავირუსით გარდაიცვალა. კასრაძე საზოგადოებას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს და წერს, რომ ვირუსი ყველასთვის თანაბრად საშიშია.

„ეს ჩემი მეგობარი დავით ჩიჯავაძეა, უჯანმრთელესი კაცი, 12 წლიდან იოგა. უკანასკნელად აუზზე შემხვდა და სამომავლო გეგმებზე მესაუბრა. ცოტა ვინმეს თუ ვიცნობდი, რომელიც ასეთი ჯანსაღი ადამიანი იყო ფიზიკურად თუ გონებრივად. მშვიდობით მეგობარო

დათო იმსხვერპლა Covid-19-მა, აიცერით! ეს ვირუსი ყველასთვის თანაბრად საშიშია“, – წერს კასრაძე.

დავით ჩიჯავაძემ იოგაში ვარჯიში 12 წლიდან დაიწყო, ხოლო კარატეზე 14 წლიდან ვარჯიშობდა. მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს „ქართული სუმოს ქომაგები“, სადაც წერია, რომ დავითი კორონავირუსს ერთი თვის განმავლობაში ებრძოდა.

„სუმომანთა კლუბის დაარსების დღიდან დათო ჩიჯავაძე იყო ჩვენი გაერთიანების აქტიური და გამორჩეული წევრი. ის იყო ერთ-ერთი პირველი ქართველი, ვინც ბავშვობიდან მისდევდა იოგას და ვადო-რიუ კარატეს, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, მაშინ როცა კომუნისტური რეჟიმი ორივე მათგანს კრძალავდა. ამ საქმიანობით დათო სიცოცხლის ბოლომდე იყო დაკავებული და აქტიურად ეწეოდა ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდას.

დავითი იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (სდსს) ოფიცერი და ვეტერანი. ბოლო წლებში ის შრომის უსაფრთხოების საკითზებზე მუშაობდა და იყო ერთ-ერთი, იმ ორ ქართველს შორის, რომელმაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აკრედიტაცია საზღვარგარეთ მიიღო.

დათო იყო გამორჩეული მეუღლე, მამა, მეგობარი, უაღრესად პატიოსანი და მოსიყვარულე, ყველა ღირსებით დაჯილდოებული ადამიანი, რომლის გარდაცვალებაც აუნაზღაურებელი დანაკარგია ჩვენი დიდი ოჯახისთვის. სუმომანთა კლუბი სამძიმარს უცხადებს დავითის მეუღლეს, ქალიშვილს, მის მეგობრებსა და ახლობლებს.

სამწუხაროდ, დათო ჩიჯავაძის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ ნათლად გვაჩვენა, რომ Covid-19 ყველაზე ჯანმრთელი ადამიანებისთვისაც შეიძლება სასიკვდილო განაჩენად იქცეს. ჩვენი მეგობრის გარდაცვალებით დამწუხრებულები, ყველას მოგიწოდებთ სიფრთხილის დაცვისკენ და კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებისკენ, რადგან ჯერ-ჯერობით ვირუსთან წინააღმდეგ ბრძოლის სხვა ალტერნატივა კაცობრიობას არ გააჩნია“, – წერია განცხადებაში.

magti 5g