LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უკან მოგვაგდო თბილი ხელებით მირთმეული თაიგული და გამოგვაგდო!”  – შესაძლო დისკრიმინაცია სკოლაში

214

„საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში აუტისტური სპექტრის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით ხელშესახები ცვლილებები არ განხორციელებულა. განსაკუთრებით მწვავეა ბავშვთა პრობლემები. გამოწვევაა მათზე მორგებული ჯანმრთელობის დაცვისა და აბილიტაცია/რეაბილიტაციის სერვისების, ინკლუზიური განათლების მიღების შესაძლებლობა,“  –  ეს მცირე ამონარიდია სახალხო დამცველის განცხადებიდან, რომელიც 2017 წლის 2 აპრილს, აუტიზმის მსოფლიო დღეს, გავრცელდა.

საგულისხმოა, რომ განცხადებას, დაახლოებით, იგივე შინაარსი აქვს 2016 წელსაც. აუტისტური სპექტრის მქონე პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებს ვხვდებით ომბუდსმენის სპეციალურ ანგარიშებშიც.

კიდევ ერთი მოსწავლე, პირველკლასელი საბა, ამ პრობლემას სკოლის პირველ დღეს – 15 სექტემბერს, გადააწყდა. შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტზე მშობელი საუბრობს, რომელმაც შვილი სკოლაში პირველად მიიყვანა.

მაკა მაღრაძე ჰყვება, რომ მისი შვილის მიღებაზე მასწავლებელმა, რომელიც 3 თვით ადრე შეარჩიეს, უარი 15 სექტემბერს თქვა. 

„მთელი 3 თვის განმავლობაში საბას ვაჩვევდი და ვაგუებდი სიტუაციას, ვათამაშებდი თამაშებს, ვითომ მე მზია მასწავლებელი ვარ, ის მოსწავლე და ასე თამაშ-თამაშში ბავშვი მოემზადა სკოლისთვის . 
„15 სექტემბერი მივდივართ სკოლაში და ბავშვი სხვა კლასში არის ჩაწერილი. ჩავედი დირექტორთან გაოცებული, რადგან წინასწარ არ გამაფრთხილეს და არ შემატყობინეს ცვლილების შესახებ. დირექტორმა მიპასუხა, ჩვენამდე ინფორმაცია პედაგოგმა მოიტანა და ასე გვითხრა, არ უნდა ჩემს კლასში და სხვაგან გადაიყვანეთო. ხოდა, დირექტორმა არც მკითხა, დაუჯერა პედაგოგის ტყუილს და საბა სხვა პედაგოგთან ჩასვეს. დირექტორმა ბოდიში მომიხადა და შემიყვანა კლასში. კლასში შესულებს დაგვხვდა მზია მასწავლებელი. სანამ გაიგებდა, რომ საბა ის ბავშვი იყო, ვისზეც უარი თქვა, მხოლოდ იმიტომ, რომ ის აუტისტური სპექტრის მქონეა, მანამდე სახეზე ღიმილი ჰქონდა, ხოლო როგორც კი იკითხა და ვუთხარი, ჩვენ თქვენთან ვიყავით და რაღაც გაურკვევლობა მოხდა და სხვაგან ჩაგვსვეს-მეთქი,  ის ფარისევლური ღიმილი წაიშალა სახიდან და გაბოროტებული, გააფთრებული პედაგოგი შეგვრჩა. მე ისედაც ბევრი ბავშვი მყავს და სად მაქვს იმის დრო, ამას მივაქციო ყურადღებაო, ჩემს კლასში არ დავსვამო. უკან მოგვაგდო საბას თბილი ხელებით მირთმეული თაიგული და კლასიდან გამოგვაგდო! ფსიქოლოგიური ზეწოლა არამარტო საბაზე, არამედ ჩემზეც. თავს საშინლად ვგრძნობ და საბას ვაძლევ პირობას, არ მივცემ არავის უფლებას, გაგაძეოს საზოგადოებიდან და არ მიგიღონ ისეთი, როგორიც ხარ,“ – ამბობს მშობელი და დასძენს, რომ ამ უსიამოვნების შემდეგ საბა სხვა პედაგოგმა თბილად მიიღო.

„ფორტუნა“ მომხდართან დაკავშირებით სკოლის დირექტორს, ნანა ჯუღელსაც, დაუკავშირდა. დირექტორი ამბობს, რომ მომხდარი ფაქტი ცალსახად უსიამოვნოა და შესაძლოა, გარკვეული ეთიკური ნორმის დარღვევასაც აქვს ადგილი, ამიტომ სკოლამ კონკრეტული პედაგოგის მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყო.

„უნდა დავადგინოთ, ჭეშმარიტად რა მოხდა, რომელი მხარეა მართალი, რა დააშავა ამდენი მასწავლებელმა აქ. მე ვიცი, რომ არასასურველია ის, რაც მოხდა, გნებავთ, მასწავლებელი იყოს დამნაშავე, გნებავთ, მშობელი იყოს მართალი, მე ვალდებული ვარ, დავიცვა პროცედურები, რაც შინაგანაწესში გვაქვს გაწერილი,“ – ამბობს სკოლის დირექტორი.

ნანა ჯუღელი განმარტავს, რომ სკოლაში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები სწავლობენ, ჰყავთ ორი სპეციალური მასწავლებელიც და რაიმე პრობლემა არასდროს შექმნილა. 

„ბავშვიც ძალიან კმაყოფილია, მშვიდადაა და აბსოლუტურად მობილიზებულია იმისთვის, რომ იყოს წარმატებული მოსწავლე. არის გაუგებრობა, არის რაღაც ეთიკური ნორმის დარღვევა, რომელსაც მიხედვა სჭირდება და ნამდვილად ვიწყებ დისციპლინურ დევნას. მე თვითონ თავზარდაცემული ვარ, რაც გაჟღერდა,“ – აცხადებს დირექტორი.

პედაგოგი, რომელმაც ბავშვის მიღებაზე უარი განაცხადა, დისკრიმინაციას გამორიცხავს და „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ გაუგებრობას აქვს ადგილი.

მზია ქრისტესიაშვილის განმარტებით, მას სიაში უკვე ჰყავდა 25 მოსწავლე, მეტის ჩარიცხვა კლასში კი დაშვებული არ იყო. მისივე თქმით, კონკრეტული ბავშვის კლასში ჩარიცხვასთან დაკავშირებით, მასთან წინასწარ რაიმე შეთანხმება არ ყოფილა

„ჩემი დანაშაული ისაა, რომ არ დავემორჩილე დირექტორს, ისიც იმიტომ, რომ ჩავთვალე, რაღაც გაუგებრობა იყო და ქალბატონმა ნანამ (დირექტორი) ვერ გათვალა. ვიფიქრე რომ გაკვეთილების შემდეგ ავუხსნიდი

„რა უფლება მაქვს, უარი ვთქვა. ვისაც დამისვამდნენ, მივიღებდი. ვინ გაანაწილა ბავშვები, ამაში არ ვერევი. ალბათ, კანცელარიამ გაანაწილა. სიამოვნებით, თუკი მობრძანდება ორშაბათს მივიღებ (ბავშვს), თუ რაიმე გაუგებრობა მოხდა, ბოდიშსაც მოვიხდი. ჩემიც გაიგეთ, ყოველი პირველი კლასი ჩემთვის არის ამაღელვებელი, დაძაბული. შუა პროცესში რომ მოხდა ეს, ვიფიქრე, რომ გაუგებრობა მოხდა. ქალბატონმა ნანამ, ალბათ, ჩათვალა უკეთესი იქნებოდა. არაჩვეულებრივი პედაგოგია, ვისთანაც მოხვდა. თუ მაინც და მაინც ნერვიულობს და ჩემთან უნდა, არ ვიცი, რა პრობლემები შეექმნა…. ჩემი დანაშაული ისაა, რომ არ დავემორჩილე დირექტორს, როცა საქმეთა მმართველი მოვიდა და მითხრა, რომ 26-ე დამესვა,“ – ამბობს პედაგოგი. 

რა გადაწყვეტილებას მიიღებს სკოლა დისციპლინური წარმოების შედეგად, ჯერჯერობით ამაზე სკოლის დირექტორი ვერ საუბრობს. ამჟამად 149-ე სკოლის დირექტორი და პედაგოგი მომხდართან დაკავშირებით განათლების სამინისტროში არიან დაბარებული.

ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ კიდევ ერთი დისკრიმინაციული ფაქტის შესახებ შეიტყო, 6 წლის ბავშვს რუსთავის #25-ე საჯარო ბაღში სწავლის გაგრძელების საშუალებას არ აძლევდნენ. ამას კი იმით ხსნიდნენ, რომ ბაღმა საკუთარი რესურსი „ამოწურა“ და ბავშვს „ვერაფერს მისცემს“. სპეციალისტების რეკომენდაცია კი აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის, სწორედ საზოგადოებაში მეტი ჩართულობა და სოციალური ინტეგრაციაა. პრობლემა კი ამ კუთხით არსებული სტიგმისა და სტერეოტიპების გამო იქმნება. დისკრიმინაციისგან დაცვა სწორედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით არის შესაძლებელი.

სპეციალისტების განმარტებით, აუტიზმი დაავადება არ არის და გარემოს აღქმის თავისებურებაა, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.

 

თაკო ივანიაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g