LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პირველი აპრილიდან 1500-ზე მეტ ბავშვს მოვემსახურებით” – რა ასაკში ხდება აუტიზმის სპექტრის დიაგნოსტირება და პროგრამაში ჩართვა

183
BeFunky-collage (10)

თბილისის მერია აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეს – 2 აპრილს, სიახლით ხვდება.

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური “აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის” მოსარგებლეთა და სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების რაოდენობას ზრდის, პროგრამის ბიუჯეტი კი ექვს მილიონ ლარს გადააჭარბებს.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გელა ჩივიაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ განაცხადა, რომ “აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა” თბილისის მერიამ 2015 წლის ივლისის თვიდან დაიწყო და მაშინ, ბიუჯეტი ნახევარ მილიონ ლარს შეადგენდა.

2015 წლიდან დღემდე კი ბიუჯეტი თითქმის 13-ჯერ არის გაზრდილი, რაც მაღალმა მომართვიანობამ გამოიწვია.

„წლიდან წლამდე ერთვებოდნენ ამ პროგრამაში ბავშვები, ვინაიდან იზრდებოდა დიაგნოსტირება და მომლოდინეთა რიგი და შესაბამისად, ბიუჯეტიც.

დღემდე ვემსახურებოდით 1375 ბავშვს და ბიუჯეტი 12-ჯერ გაიზარდა და წელს, უკვე 6 მილიონ ლარს გადააჭარბა. ხოლო 1 აპრილიდან 170 ბავშვი დაემატება და უკვე 1 545 ბავშვს მოვემსახურებით აპრილის თვიდან”, – განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სტანდარტით, პროგრამაში ჩართვა შესაძლებელია 3 წლიდან.

როგორც გელა ჩივიაშვილმა აღნიშნა, თავიდან თუ თერაპიული სეანსები 3-დან 15 წლის ასაკის ბავშვებს უფინანსდებოდათ, მერიამ 2018 წლიდან, პროგრამაში ჩართული მოზარდების ასაკი 18 წლამდე გაზარდა. პროგრამა მოიცავს თვეში 20 სეანსის დაფინანსებას, რაც თვიურად 400 ლარიან ვაუჩერს წარმოადგენს.

„უკვე დღეს, ორის მაგივრად 8 დაწესებულება იღებს ამ პროგრამაში მონაწილეობას. სიმბოლურია, რომ ეს ახალი დაწესებულებები ემატება პირველი აპრილიდან.

პროგრამაში ჩასართავად მერიაში მომართვა აღარ არის საჭირო. ოჯახები თავად ირჩევენ მიწოდებულ დაწესებულებას, რომელიც ჩვენ, მერიას გვაწოდებს ინფორმაციას, რომ კონკრეტული ბავშვი მოლოდინის რეჟიმში და როდესაც გამოჩნდება თავისუფალი ადგილი, ვამატებთ ამ ბავშვებს. წინასწარი დიაგნოსტიკა დაწესებულებებში ხორციელდება და უკვე დადასტურებულ შემთხვევებში ხდება ამ ბავშვების ჩართვა პროგრამაში.

პროგრამის დაგეგმვა დარგის ექსპერტებთან ერთად ხდება, შესაბამისად, ნებისმიერი ცვლილება, რომელიც შეგვაქვს პროგრამაში მათთან კონსულტაციით და რეკომენდაციის შედეგად ხდება და ცალმხრივად არც ერთი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.
რამდენი სეანსი, რა სახის თერაპია სჭირდება – ამას ადგილზე განსაზღვრავს ე.წ. სუპერვაიზერი და ქცევითი თერაპევტი. თავად ახდენენ საჭიროებიდან გამომდინარე თერაპიის დაგეგმვას. 7 წლის მანძილზე, 10-ზე მეტ მუნიციპალიტეტში დაიწყო ამ პროგრამის განხორციელება”, – განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.

ამასთან, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გელა ჩივიაშვილმა აღნიშნა, რომ დედაქალაქის მოსახლეობისათვის 2022 წლიდან ბევრი სიახლე იქნა შეთავაზებული.

„ძირითადი პრობლემა არის ონკოლოგიური დაავადებები და ამ მიმართულებით გვაქვს მიზნობრივი ჯანდაცვის პროგრამები.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს სკრინინგის პროგრამა, რომელიც მოიცავს 5 ძირითად კომპონენტს და ორიენტირებულია, რომ ადრეულ ეტაპზე მოხდეს კიბოს დიაგნოსტირება და პრევენცია. მომართვიანობა საკმაოდ მაღალია. წლის განმავლობაში, დაახლოებით, 100 ათასზე მეტი შემთხვევა ტარდება, თბილისის მასშტაბით ეს არის დაახლოებით, 40 000-ზე მეტი ადამიანი.

ადრეულ ეტაპზე კიბოს აღმოჩენა მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და მინდა, ყველა ჯანმრთელ ადამიანს მოვუწოდე ისარგებლონ ამ უფასო სერვისით, რომელსაც თბილისის მერია ახორციელებს და მიმართონ დაავადებათა სკრინინგ ცენტრს, რომლის ცხელი ხაზია – 2 20 35 35 და მიიღონ დეტალური ინფორმაცია.

სიახლეა ისიც, რომ წელს დავიწყეთ 500-ლარიანი მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა სოციალურად დაუცველი პენსიონერებისათვის და იგი მოიცავს, დაახლოებით, 40 ათასამდე ადამიანს. ამ პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარია და უკვე დაახლოებით 10 ათასმა ადამიანმა ისარგებლა.

მნიშვნელოვანია, რომ მერიას აქვს ძუძუს კიბოსა და გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა”, – განაცხადა თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გელა ჩივიაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ .