იტალიის კულტურის მინისტრის, დარიო ფრანჩესკინის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ რომში ჩასულ ტურისტებს მოვლენების გლადიატორების პერსპექტივიდან დანახვა შეეძლოთ. სწორედ ამიტომაც დამტკიცდა კოლიზეუმის იატაკის რეკონსტრუქციის 16 მილიონიანი პროექტი, რომელიც 2023 წლისათვის დასრულდება. პროექტის ფარგლებში ლეგენდარული საბრძოლო არენის რეკონსტრუქცია და მის ორიგინალ ფორმასთან მაქსიმალურად მიახლოება მოხდება.
კოლიზეუმის არენა ძველ დიდებას დაიბრუნებს. მოხდება იატაკის რეკონსტრუქცია და კოლიზეუმს ახალი ხის იატაკი ექნება, რომლის წყალობითაც იგი წვიმისა და ნესტისაგან იქნება დაცული, მისი მიწისქვეშა ნაწილები კი კარგად განიავდება.
აღსანიშნავია, რომ ახალი იატაკის წყალობით კოლიზეუმში კულტურული ღონისძიებების გამართვა იქნება შესაძლებელი, თანაც პროექტის მიხედვით ახალი არენა „მოძრავია“, ანუ თუ მომავალში კოლიზეუმთან დაკავშირებული გეგმები შეიცვალა, მისი მოშორება შენობისათვის დაზიანების მიყენების გარეშე იქნება შესაძლებელი.
რომის ლეგენდარული კოლიზეუმის მშენებლობა იმპერატორ ვესპასიანეს მმართველობის ხანაში, ახალი წელთაღრიცხვით 72 წელს დაიწყო და რვა წლის შემდეგ, იმპერატორ ტიტუსის მმართველობის ხანაში დასრულდა.
კოლიზეუმის ორიგინალი ხის იატაკი 1800-იან წლებამდე არსებობდა, შემდეგ კი იგი არქეოლოგიური გათხრების ჩასატარებლად და კოლიზეუმის იატაკქვეშა ნაწილების უკეთ შესასწავლად აყარეს.
რომის კოლიზეუმი მსოფლიო არქიტექტურის ერთ-ერთი შედევრია და „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს შორის საპატიო ადგილს იკავებს.