LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკავშირდება თუ არა ძმები კაკულიების დაკავება ნიკო კვარაცხელიას საქმეს და არაყიშვილზე მომხდარ გარჩევას – რაც აცხადებს დაჭრილის დედა და ძმების ადვოკატი

401
გარჩევა კაკულიების ამბავი

დღეს დილიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ დააკავეს ძმები კაკულიები, რომლებიც შესაძლოა, სხვადასხვა გახმაურებული საქმის ფიგურანტები იყვნენ. 

დაკავებული ძმების, გუგა და დავით კაკულიების ადვოკატის, გიორგი ანთაძის განცხადებით, მათი დაკავება არც არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრას და არც ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეს არ უკავშირდება.

მისივე თქმით,  კაკულიებს ის იარაღი, რომლის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასაც ედავებიან, თვალით არ უნახავთ და კაკულიებს იარაღი „ჩაუდეს“.

აღნიშნულის შესახებ ანთაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

„ორივე დაკავებულს შევხვდი, მათი დაკავება როცა მოხდა, ზეპირსიტყვიერად განუმარტეს, რომ იარაღის შეძენა-შენახვისთვის არიან დაკავებულები, ოღონდ, თვალით არ ანახეს რა იარაღის შეძენა-შენახვას ედავებოდნენ.

ვაკეში მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით მათი კავშირი სრული აბსურდია, არანაირი შეხება არ აქვთ და არც ამ საქმესთან დაკავშირებით არიან დაკავებულები.

არაფერს ვამბობ სხვა საქმეებზე, რომელთაც ამ ბიჭებს „აწერენ“.

რა თქმა უნდა, მეც დავინტერესდი და მათ შეკითხვა დავუსვი კვარაცხელიასთან დაკავშირებით, რადგან საკმაოდ გავრცელებული თემაა. ვკითხე, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაბარებულები იყვნენ თუ არა პოლიციაში და ჰქონდათ თუ არა შემხებლობა. მათ აღნიშნულს სრული აბსურდი კი არა, სრული სისულელე უწოდეს, არანაირი შემხებლობა ამ საქმესთან არ ჰქონიათ, არც დაბარებულები არ ყოფილან საგამოძიებო უწყებაში“, – განაცხადა ანთაძემ.

მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს კაკულიებზე ძებნა იყო გამოცხადებული.

„ეს არის სრული დეზინფორმაცია, არანაირი ძებნა მათზე არ ყოფილა გამოცხადებული. ნაქირავებ სახლში იმყოფებოდნენ, როცა ღამის საათებში, სპეცრაზმი შევარდა და დააკავეს. ერთადერთი, დაკავების დადებითი მხარე თუ შეიძლება ითქვას, არის ის, რომ რა სიბინძურე და ტალახიც არის წამოსული მათკენ და მათი ოჯახისკენ, დარწმუნებული ვარ, ჩამოირეცხება და ყველა გაერკვევა, რომ მათ არანაირი შემხებლობა არც ვაკეში მომხდარ სროლასთან და არც ნიკა კვარაცხელიას საქმესთან არ აქვთ“, – განაცხადა ანთაძემ.

კითხვაზე, რადგან ნიკა კვარაცხელიას საქმეზე კაკულიების კავშირის დადგენა ამ ეტაპზე ვერ მოხდა, ამიტომ ხომ არ ეჭვობენ, რომ მათ იარაღი „ჩაუდეს“, ადვოკატმა ასე უპასუხა:

„ამ ვერსიას არსებობის რეალური საფუძველი აქვს. რასაც აბრალებდნენ და რა ინფორმაციაც გავრცელდა, სრული აბსურდია. იარაღი თვალითაც არ უნახავთ, რა იარაღის შეძენა-შენახვას ედავებიან, „ჩაუდეს“, ასე გამოდის“, – განაცხადა ანთაძემ.

დღესვე ჟურნალისტები არაყიშვილის ქუჩაზე დაჭრილი სერგი ქურთიაშვილის დედასთან შეეცადნენ გასაუბრებას.

ეკა ორჯონიკიძე, რომელიც  ,,ბაკურიანის განვითარების ფონდის” ხელმძღვანელია, მისი შვილის ძმებ კაკულიებთან შესაძლო კავშირზე არ საუბრობს.

ირწმუნება, რომ საქმეზე ძმებ კაკულიების დაკავების შესახებ არ გაუგია:

“ჩემი შვილი არის კარგად და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, მეტი არაფერი არ ვიცი… ჩემი შვილი ვერაფერს ამბობს, რადგან ძილ-ღვიძილშია, მას პროცედურები ამ დრომდე უკეთდება”- განაცხადა ორჯონიკიძემ.

აღსანიშნავია, რომ ძმებ კაკულიების დაკავების შემდეგ, პოლიციამ არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი გარჩევის შედეგად დაჭრილების ხელახალი გამოკითხვა დაიწყო.

ცნობისთვის, ძმები გუგა და დავით კაკულიები წუხელ, გვიან ღამით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით არიან დაკავებულები, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ამავე თემაზე: 

გავრცელებული ინფორმაციით, დააკავეს ძმები კაკულიები – არაოფიციალური ინფორმაციით, მათი სახელი უკავშირდება ნიკო კვცარაცხელიას მკვლელობას

რა საქმეებს შეიძლება უკავშირდებოდეს ძმები კაკულიების დაკავება – გახმაურებული ამბის ახალი დეტალები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები