LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინას ამიერიდან შემტევ იარაღს მიაწვდიან – ნატოს მინისტერიალის შედეგები და საქართველოს პოზიცია, სანამ დასავლეთს ჯერ ისევ ღვიძავს

216
omi ukrainashi

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებისა და უკრაინელი ხალხის გმირობის შედეგად შეცვლილი დასავლეთი – ეს იყო ის, რაც ნატოს მინისტერიალზე ვიხილეთ. დასავლეთი, რომელიც უკვე წლებია დემოკრატიის სიმშვიდეში გაზარმაცდა და თბილპლედშემოხვეული აკვირდებოდა რუსეთის აგრესიას სხვა ქვეყნებში (აღშფოთებას და ჰუმანიტარულ დახმარებას თუ არ ჩავთვლით), ახლა სრულიად სხვა სახით ნახა ის მთელმა მსოფლიომ – გაბრაზებული, აქტიური, მკაცრი და ქმედითი.

ასეთი იყო ნატოს მინისტერიალზე შეკრებილი ევროპა, რომელიც ღიად საუბრობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე, ღიად საუბრობს რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე, არ ავიწყდება არც საქართველო და ჩვენს სამხედრო გაძლიერებასაც აანონსებს.

მანამდე კი მთავარი იყო უკრაინა. ნატოს გენერალურმა მდივანმა არ დამალა, რომ შესაძლოა, რუსეთ-უკრაინის ომი დიდხანს გაგრძელდეს, “ვინაიდან არ ჩანს იმის არავითარი ნიშანი, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აპირებს შეცვალოს თავისი ამბიცია – გააკონტროლოს მთელი ქვეყანა”.

რეალისტები უნდა ვიყოთ და გავაცნობიეროთ, რომ ეს შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, მრავალ თვეს, წელსაც კი“, – თქვა სტოლტენბერგმა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ.

მინისტერიალზე უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების საკითხი განიხილებოდა, თუმცა როგორც ცნობილია, ქვეყნების ნაწილი, მათ შორის აშშ მას შემტევ იარაღსაც მიაწვდის. რა იყო ბრიუსელში ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მთავარი გზავნილი, რა უთხრა საქართველოს ახლად დანიშნულმა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დმიტრი კულებას და რა უნდა გავაკეთოთ, სანამ დასავლეთს ჯერ კიდევ ღვიძავს – ამ თემებზე ჩვენ ექსპერტები ჩავწერეთ, თუმცა მანამდე – რა მიიღო ნატოს მინისტერიალიდან უკრაინამ.

 

 

“იარაღი, იარაღი, იარაღი” – უკრაინის გზავნილი ნატოს

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს და სხვა ლიდერებს შეხვდა. ყველასთან მთავარი განსახილველი საკითხი იარაღის მიწოდება იყო.

“NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შევხვდი ბრიუსელში. მე აქ დღეს 3 ყველაზე მნიშვნელოვანი რამის განსახილველად მოვედი: იარაღი, იარაღი და იარაღი. უკრაინის მყისიერი საჭიროებები, მარაგების მდგრადი მიწოდება და გრძელვადიანი გადაწყვეტილებებია ის, რაც უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება.” – ტვიტერზე დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.

მოგვიანებით მან დიდი შვიდეულის მინისტრებსაც მიმართა: “უკრაინა გთავაზობთ სამართლიან შეთანხმებას: მსოფლიო გვეხმარება ყველაფრით, რაც გვჭირდება, ჩვენ ვიბრძვით და ვამარცხებთ პუტინს უკრაინაში”, – თქვა კულებმა. 

ნატოს გენერალურმა მდივანმა კი გარდა იმისა, რომ ომის ხანგრძლივობაზე ისაუბრა, დაზვერვის ანგარიშები მოიყვანა იმის დასადასტურებლად, რომ რუსეთს საკუთარი ჯარები გადაჰყავს უკრაინის აღმოსავლეთში დიდი იერიშისთვის, რათა დაიკავოს საკმარისი ტერიტორია, შექმნას სახმელეთო ხიდი რუსეთსა და ყირიმის ნახევარკუნძულს შორის, რომლის ანექსიაც 2014 წელს მოახდინა.

არსებობს გადაუდებელი საჭიროება, კიდევ უფრო მეტად დავეხმაროთ უკრაინას. დღეს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განვიხილავთ უკრაინისთვის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების, ასევე მსუბუქი და მძიმე ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების გადაცემის საჭიროებას” – აცხადებს იენს სტოლტენბერგი. 

ცალკე აღნიშვნის ღირსია აშშ-ის სენატის გადაწყვეტილება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად სენატმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი „უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტის“ მიღებას, რაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მისცემს შესაძლებლობას უკრაინას უფრო სწრაფად გაუგზავნოს იარაღი და საჭირო მარაგები რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას.

აქტის ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ აშშ უკრაინის გარდა, ამგვარი პირობებით სამხედრო იარაღისა და მასალების გადაცემას იმ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვისაც შეძლებს, რომლებშიც რუსეთის ფედერაციის შეჭრის საფრთხე არსებობს.

 

 

ნატო და საქართველო 

 

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ნატოს მინისტერიალის მთავარი თემა უკრაინა და მისთვის იარაღის მიწოდების საკითხი იყო, მასში მონაწილე ქვეყნებს და თავად ნატოს გენერალურ მდივანს არც საქართველო დავიწყებია.

იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი მზადაა, თავდაცვის საკითხებში დაეხმაროს საქართველოს და ასევე ბოსნია – ჰერცეგოვინას.

სხვადასხვა ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებიც მედიასთან საუბარში საქართველოს იხსენებდნენ და ამბობდნენ, რომ ისინი უკრაინასთან ერთად მხარს სწორედ საქართველოსაც უჭერენ. 

დღეს ბრიუსელში საქართველოში ახლად დანიშნული მინისტრი ილია დარჩიაშვილი ჩავიდა, რომელიც საგარეო უწყების ხელმძღვანელია. ის კულებას შეხვდა, ასევე ესაუბრა ნატოს გენერალურ მდივანს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საუბრის მთავარი თემა სწორედ თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს მიმართ ნატოს დახმარება იყო.

NATO საქართველოს თავდაცვის საკითხებში დაეხმარება: იენს სტოლტენბერგი

 

რა მიიღო უკრაინამ ნატოს მინისტერიალიდან

 

დღევანდელი სიტუაციის შესაფასებლად ჩვენ ვანო მაჭავარიანს – სტრატეგიული ანალიზისა და კვლევების ცენტრის ექსპერტს, ასევე რონდელის ფონდის მკვლევარს – კახა გოგოლაშვილს ვესაუბრეთ.

ვანო მაჭავარიანი: “ის, რაც აშშ-ს სენატმა მიიღო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მექანიზმით მოხდა ფაშისტური გერმანიის დამარცხება. ის შეუზღუდავი რაოდენობით რაც შეიძლება უკრაინას მიეწოდოს, ეს არის გადამწყვეტი, ანუ დასავლეთს სჯერა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს ის, რაც ბუჩაში ვნახეთ, გერმანიაც კი რომელიც თავს იკავებდა, აცხადებს, რომ ყველანაირ შეზღუდვას მოხსნის იარაღის მიწოდებაზე. ყოფილი საბჭოთა ქვეყნები მნიშვნელოვან შეიარაღებას მიაწვდიან ასევე უკრაინას. მნიშვნელოვანი არის ერთი რამ, ის გზები, რითაც მიაწვდიან იარაღს უკრაინას, რუსეთმა ეს შეიძლება აღიქვას საფრთხის შემცველად, მიდის საუბარი, რომ შეიძლება რაღაც გეგმა შეიმუშაონ.

როგორც ჩანს, დასავლეთმა ეს საფრთხე ძალიან სერიოზულად აღიქვა. აშშ განიხილავს სანქციებს არა მხოლოდ მათთვის ვინც რუსეთთან ვაჭრობს, არამედ მათთვისაც, ვინც შეიძლება სატრანზიტო ქვეყანა იყოს”, -ამბობს მაჭავარიანი. 

ილია დარჩიაშვილი დმიტრო კულებას შეხვდა

ილია დარჩიაშვილმა, ხანმოკლე, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა დმიტრო კულებასთან.

კახა გოგოლაშვილი : “შეერთებულმა შტატებმა თითქმის მიიღო ლენდ – ლიზის კანონი, რომლის თანახმად, ყველანაირი დახმარება გაეწევა უკრაინას. ასე იქნება ევროპისგან. ამ დროისთვის მილიარდი ევროს დახმარება გაუწია უკვე ევროკავშირისგან. მიაწვდიან მძიმე შეიარაღებას, რომელშიც ქვემეხები, ტანკები და სხვა სახის ტექნიკა შევა, ამაზე მუშაობენ ნატოს წევრი ქვეყნები და ასევე ევროკავშირი. სანქციებიც აუცილებელია, რომ რუსეთმა ვერ მოახერხოს შეიარაღების განახლება. აუცილებელია რომ რუსეთში ხალხი დაფიქრდეს, დამატებითი პრობლემები შეექმნას მთლიანად ქვეყანას.

თავად ზელენსკის განცხადება იყო, რომ მათ სჭირდებათ იარაღი, რომ დაჯაბნონ რუსეთის არმია. დღეს, რუსეთს ისეთი შეიარაღება აქვს ზოგიერთი, რაც არ აქვს უკრაინას. თუ მას მიაწვდიან ხარისხობრივად უკეთეს იარაღს, უკრაინა უფრო მალე გაიმარჯვებს.

ლენდ-ლიზის აქტს რაც შეეხება, ეს კონგრესმაც უნდა დაამტკიცოს. ეს პრეზიდენტს აძლევს უფლებას, რომ ყოველგვარი შეთანხმების გარეშე კანონმდებლებთან , უკრაინას ყველანაირი დახმარება გაუწიოს. ის მიიღებს, პრაქტიკულად, ლიცენზიას, რომ განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, რაც უკრაინის დახმარებისთვის იქნება საჭირო. ეს პრეზიდენტს უხსნის ხელებს, რომ უფრო ოპერატიულად იმოქმედოს”, – აცხადებს გოგოლაშვილი.

დღის ბოლოს კიდევ ერთი კარგი ამბავი მოხდა – რუსეთი გაეროდან გარიცხეს. ხმის მიცემის შედეგად 93-მა წარმომადგენელმა ინიციატივას მხარი დაუჭირა, 24-მა მათგანმა უარი განაცხადა, ხოლო 58-მა კი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

 

magti 5g