საქართველოს ნაკრებმა თბილისის მერიის თასის მეორე შეხვედრა უკრაინასთან გამართა და დაძაბულ და თანაბარ თამაშში გამარჯვება მაინც მოიპოვა – 73:69.
როგორც მოსალოდნელი იყო, თავისი მატჩი მოიგო რუსეთმაც (ჰოლანდიასთან 74:86) და თბილისის მერიის თასისთვის ერთმანეთს ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველო და სერგეი ბაზარევიჩის რუსეთი დაუპირისპირდებიან.
მიუხედავად გამარჯვებისა, ქართველების მწვრთნელი თამაშით კმაყოფილი არ იყო. ილიას ზუროსმა განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებმა დაცვაში კარგად ვერ ითამაშა. მთელი თამაში თანაბარი და უშეღავათო ბრძოლა მიმდინარეობდა, თუმცა ქართველებმა ხასიათის სიმტკიცე გამოავლინეს და მეტოქეს თავისზე მეტი შეცდომები დააშვებინეს, რისი წყალობითაც იმარჯვეს კიდეც.
ზაზა ფაჩულიას არ უთამაშია. ზუროსმა კაპიტნის არყოფნა იმით ახსნა, რომ ზაზა გუნდს ახალი შეერთებულია, დიდი დატვირთვებისთვის მზად არაა, მით უმეტეს, როცა წინ რუსეთთან პრინციპული მატჩია. ფაჩულია მწვრთნელებმა დაასვენეს, რითაც უკრაინელებმა ისარგებლეს და ფარქვეშ უპირატესობა მოიპოვეს. ილიას ზუროსი ხშირი როტაციითა და ტაქტიკის ცვალებადობით ცდილობდა სამწამიან ზონაში გაჩენილი ნაპრალის ამოვსებას. ერთხანს ქართველები ნომინალური ცენტრის გარეშე იყვნენ და სწრაფი, კონტრშეტევებზე აწყობილი თამაშით გავიდნენ ფონს, თუმცა თორნიკე შენგელიასა და ვიქტორ სანიკიძის მოწადინებით, რომელსაც ხელს გიორგი შერმადინიც აშველებდა, საქართველომ უკრაინელთა ფარქვეშა აქტივობა გაანელა.
დიდი სამუშაო გასწია სანიკიძემ, რომელიც 20 ქულით ბომბარდირი გახდა. უკრაინელები არ ცხრებოდნენ და უკანახაზელთა შორი თუ საშუალო სროლებით ცდილობდნენ ლიდერობის მოპოვებას, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ. გიორგი ცინცაძის, მაიკლს დიქსონისა და დუდა სანაძის გარჯით, რომლებსაც პერიოდულად ბექა ბურჯანაძე ეხმარებოდა, ქართველებმა უკრაინელთა შეტევებს ეფექტი დაუკარგეს და გამარჯვებამდე მივიდნენ.
ტურნირის ბოლო დღეს, 14 აგვისტოს, მესამე ადგილისთვის უკრაინა და ჰოლანდია შეხვდებიან, ხოლო თასის მოსაგებად ერთმანეთს საქართველო და რუსეთი დაუპირისპირდებიან. ამ გუნდების ბოლო შეხვედრა 1 კვირის წინ, მოსკოვში გაიმართა, სადაც საქართველომ მეორე ტაიმი ჩააგდო და საბოლოოდ დიდი სხვაობით დამარცხდა. არსებობს ალბათობა, რომ რუსებს არ ეყოლებათ ტიმოფეი მოზგოვი, რომელმაც უკრაინასთან ფეხი იტკინა და ჰოლანდიასთანაც არ უთამაშია.
ილიას ზუროსი (საქართველოსმწვრთნელი): კიდევ ერთხელ მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს. ვიმედოვნებ რომ ტურნირის დასკვნით დღეს დარბაზი შეივსება და უფრო აქტიური იქნება.
დღევანდელ მატჩში ვერ მოვახდინეთ კონცენტრაცია და დაცვაში ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც საჭირო იყო. მჯერა, რომ ნაკრებს შეუძლია კარგი დაცვის თამაში, რომლის გარეშეც მატჩების მოგება შეუძლებელია. დღეს დავასვენეთ ზაზა ფაჩულია, რათა რუსეთთან დაპირისპირებას ახალი ძალებით და დასვენებული შეხვდეს. გავმეორდები და ვიტყვი, რომ ჩვენი მიზანი გუნდური დაცვაა და ეს არის ჩემი საკალათბურთო ფილოსოფია. მაღალი კლასის გუნდებს სწორედ ამ კომპონენტის წყალობით აქვთ კარგი შედეგი. ჩვენს გუნდს შეტევაში დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ თავდასხმა მოდის კარგი დაცვიდან და სწორედ ამიტომ იყო რომ დღეს ვერც შეტევაში ვიყავით სათანადო დონეზე.
უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის ნაკრების მოსამზადებელი პერიოდი და შედეგზე მეტად ორიენტირებულნი ვართ მომავალზე. ჩვენი მიზანი გუნდის განვითარებაა და 31 აგვისტოსთვის მომზადებაა, როცა ოფიციალური მატჩები დაიწყება.