რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ ონლაინ სტუმარია გადაცემა „პრაიმ შოუს“ წამყვანი ირაკლი მაქაცარია.
როგორი განწყობა გაქვს და რით ხარ დაკავებული?
ისეთი განწყობა მაქვს, როგორიც ყველას, სახლური, ვზივარ სახლში და აუცილებლობის გარდა არ გავდივარ არსად. გადავეწყვე ახალ გრაფიკზე.
ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს თავისი პლუსები აქვს, სულ საზღვარგარეთ ვიყავი, მქონდა ახლობლებთან ურთიერთობის დანაკლისი, ახლა კი ეს დეფიციტი ავანაზღაურე.
როდესაც უამრავი პროექტი გაქვს და ეს ყველაფერი უცბად ჩერდება, არის გარკვეული დისკომფორტიც, თუმცა, ადამიანს ადაპტაციის კარგი უნარი გააჩნია.
ახლა ყველაფერს ონლაინ რეჟიმში ვაკეთებ. ვფიქრობ, რომ ბევრი ახალი რამის გაკეთება შეიძლება სახლის პირობებში. ვარჯიშის მხრივ, ჩვეულ რეჟიმში ვვარჯიშობ, უკვე კარგა ხანია, ონლაინ ვარჯიშებს, „ინსტაგრამის“ გვერდზე ვატარებ. ძალიან ბევრი ადამიანია ამ ყველაფერში ჩართული, მართალია დიდი ნაწილი უკრაინელი გამომწერები არიან, თუმცა ნელ-ნელა ქართველებიც მიერთდებიან. ვფიქრობ, სწორედ ახლა გვაქვს ჩვენი ფიზიკური, თუ სულიერი განვითარების დრო და საშუალება.
სხვათა შორის, კულინარიასაც მივყავი ხელი, უკრაინელებს ქართული სამზარეულოს რეცეპტებს ვუზიარებ, მათ ძალიან აინტერესებთ ქართული კულინარია. ეს ჩემთვისაც საინტერესოა, იმიტომ რომ რაღაც კერძებს მეც პირველად ვაკეთებ.
როგორც ვიცი, საქველმოქმედო ფონდი გაქვს და უკრაინაში საიუველირო ბრენდი ჩამოაყალიბე, გვესაუბრე ყოველივე ამის შესახებ
ვფიქრობ, რომ ცხოვრება იმდენად საინტერესოა და იმდენი რამე არსებობს, სადაც შეგიძლია ძალები მოსინჯო, აუცილებლად უნდა სცადო ყველაფერი. სხვათა შორის, საიუველირო ბრენდის პრეზენტაციას საქართველოშიც ვგეგმავდი, თუმცა, უკანასკნელმა მოვლენებმა ხელი შემიშალა. ვიმედოვნებ, ყველაფერი ეს მალე დამთავრდება და თითოეული ჩვენგანი ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.
https://www.instagram.com/p/B-5E0BXhZbm/
