ევროპარლამენტის რეკომენდაცია, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, გარკვეულ პირობითობებს შეიცავს, მათ შორის ივანიშვილს, როგორც ამ პროცესის შემაფერხებელს, – ამის შესახებ რადიო “ფორტუნას” ეთერში “რონდელის ფონდის” უფროსმა მკვლევარმა გიორგი ბადრიძემ განაცხადა.
მისი თქმით ეს საკმაოდ არასასიამოვნოა, მაგრამ ამასთან მიმართებით საქართველოს ჯანსაღი მიდგომა უნდა ჰქონდეს
“ევროპის მიმართ უკმეხი და გაუმართლებელი ბრალდებებით ისტორიული შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ” – აღნიშნა ბადრიძემ
მისი განცხადებით, დღეს პირველად გაუჩნდა საქართველოს შანსი დააფიქსიროს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა.
“ეს ისტორიული შესაძლებლობაა, რისკენაც საუკუნეების განმავლობაში იღწვოდნენ ჩვენი წინაპრები. მათ შორის ბრძოლითა და დიპლომატიით”
კითხვაზე, რას ნიშნავს ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოსთვის, ექსპერტის განცხადებით, ეს პირველ რიგში ნიშნავს რეკომენდაციას ევროპული აღმასრულებელი ინსტიტუტების მიმართ, რომ საქართველოს მისცენ ევროპული პერსპექტივა.
გიორგი ბადრიძემ ევროკავშირის საბოლოო დოკუმენტის მოლოდინებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, სულ მცირე ევროპული პერსპექტივა იქნება აღნიშნული.
“სამწუხაროდ არ ვარ დარწმუნებული, რომ მივიღებთ ეროვნულ პერსპექტივას უპირობოდ როგორც სრული კანდიდატი, მაგრამ პერსპექტივა ჩვენს ხელშია და ეს არის ჩვენი ერის ისტორიული შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გავუშვათ” – განაცხადა “ფორტუნასთან” საუბრისას გიორგი ბადრიძემ.
სამწუხაროდ, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო: გიორგი ბადრიძე